ეუთოს წევრმა 24-მა სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ აამოქმედეს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე საექსპერტო მისიის დაწყების მიზნით.
ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ "სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
ეს მექანიზმი გამოყენებული ყოფილა ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა - რუსეთი, თურქმენეთი, ბელარუსი. 1990 წლიდან ეს მექანიზმი მეჩვიდმეტედ გააქტიურდა.
ინიციატორი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.
ეს სახელმწიფოები აცხადებენ, რომ "ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას".
24 სახელმწიფო მიუთითებს, რომ "როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები".
ამ კონტექსტში, ისინი ახსენებენ 2024 წლის 23 დეკემბრის ეუთოს 38 წევრი სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია, რომ ამოქმედდა "ვენის მექანიზმი" და დასძენენ, რომ მას შემდეგ მხოლოდ გაიზარდა" მათი შეშფოთება.
კერძოდ, სახელმწიფოები მიუთითებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გარღმავებული შეშფოთების ფონზე, აამოქმედებენ მექანიზმს - "რათა შეიქმნას ფაქტების დადგენის მისია, რომელიც შეაფასებს საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილდება 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე".
დღევანდელ განცხადებაში ინიციატორი ქვეყნები მიუთითებენ, რომ საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ფაქტების დამდგენ მისიაში ერთი ექსპერტი აირჩიოს - ODIHR-ის "ადამიანური განზომილების სფეროს მექანიზმის" ფარგლებში არსებული ექსპერტთა სიიდან.
2024 წლის დეკემბერში 4-მა პოლიტიკურმა კოალიციამ ეუთო/ოდირს ერთობლივი წერილით მიმართა და "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება სთხოვა.
წერილს, რომლითაც მათ ეუთოს მიმართეს, თან ახლდა საია-ს რეპორტი, სადაც, კოალიციების თანახმად, "ახსნილია ის ძალადობა, ტერორიზმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოუწყო საკუთარ მოსახლეობას".
