"ოცნების" პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით დაამტკიცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს ახალი პოზიცია - წამყვანი პროფესორი - ემატება, ხოლო სახელმწიფო მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო ზუსტდება.
კანონს ასევე ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებსაც მთავრობა საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს განუსაზღვრავს, უფლება ექნებათ, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოქმედი, მაგრამ აღნიშნულ სიაში არშემავალი პროგრამები მილევად რეჟიმში, განსაზღვრული ვადით განახორციელონ.
