დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა - მეფის, რომელმაც არა მხოლოდ ქვეყანა ააშენა და გააერთიანა - საქართველოს ადგილი განსაზღვრა. მან აქცია თბილისი ადგილად, რომელიც უნდა ყოფილიყო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიზიდულობის ცენტრი და არა გავლენების პერიფერია. დავითის სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთ მარტივ, მაგრამ მკაცრ ჭეშმარიტებას ეფუძნებოდა: საქართველო ან თავად ქმნის რეგიონულ წესრიგს, ან სხვის მიერ შექმნილ წესრიგში იკარგება.
დავითმა კარგად იცოდა, რომ ისტორია მხოლოდ ხმლით არ იწერება. ისტორია იწერება გზებით, კავშირებით, სივრცით - იმით, თუ სად იკვეთება ინტერესები, სად იყრის თავს ძალა და სად მიიღება გადაწყვეტილებები. ამიტომ გაამაგრა სახელმწიფო, შეკრა დაშლილი ქვეყანა და თბილისს მისცა ის ფუნქცია, რომელიც პატარა სახელმწიფოებისთვის გადამწყვეტია: ადგილი, სადაც მიდიან, რადგან იქ გავლით წყდება და გვარდება საქმეები, დიდი საქმეები..
დღეს, დავითის ხსენების დღეს, ყველაზე მტკივნეული პარალელი სწორედ აქ ჩნდება. დღეს რეალობა ის არის, რომ თბილისი ამ პროცესების გარეთ რჩება. მაშინ, როცა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი იწყებს სამხრეთ კავკასიურ ტურნეს და სტუმრობს სომხეთსა და აზერბაიჯანს, მისი დღის წესრიგი თბილისს აღარ მოიცავს. ეს არ არის ფორმალური უზუსტობა და არც შემთხვევითი პროტოკოლური ხარვეზი. ეს პოლიტიკური სიგნალია - მშვიდი, უხმო, მაგრამ მკაფიო. დიპლომატიაში ხშირად სწორედ ასე საუბრობენ - ვიზიტებით, მარშრუტებით და გამოტოვებული გაჩერებებით.
ამ ფონზე კიდევ უფრო ნათლად ჩანს პრობლემის სიმძიმე. რეგიონში მიმდინარეობს დიდი გეოპოლიტიკური გადალაგება - ახალ უსაფრთხოების კონტურებზე, სატრანზიტო გზებზე, ეკონომიკურ შეთანხმებებზე და ამ პროცესში საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ თავს "ხიდად" და "კარიბჭედ" წარმოაჩენდა, დღეს აღარ აღიქმება იმ ადგილად, სადაც აუცილებელია გაჩერება და საუბარი.
ამ ფონზე კიდევ უფრო ნათლად ჩანს პრობლემის სიმძიმე. რეგიონში მიმდინარეობს დიდი გეოპოლიტიკური გადალაგება - ახალ უსაფრთხოების კონტურებზე, სატრანზიტო გზებზე, ეკონომიკურ შეთანხმებებზე და ამ პროცესში საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ თავს "ხიდად" და "კარიბჭედ" წარმოაჩენდა, დღეს აღარ აღიქმება იმ ადგილად, სადაც აუცილებელია გაჩერება და საუბარი.
დავითის სახელმწიფოში ერთი მთავარი პრინციპი იყო: ქვეყანას უნდა ჰქონოდა საკუთარი ძალა და თვითმყოფადობა, მაგრამ ერთდროულად უნდა ყოფილიყო გახსნილი სამყაროსთვის - ურთიერთობებისთვის, მოკავშირეებისთვის, ახალი შესაძლებლობებისთვის, ცოდნისთვის, ვაჭრობისთვის...
დღეს, ამ გახსნილობაზე უარის თქმით აღმოვჩნდით რეალობაში, სადაც კარი თითქოს ისევ აქ არის, მაგრამ მეგობრებისა და პარტნიორებისგან კაკუნის ხმა აღარ გვესმის.
აღმაშენებლის ხსენების დღეს მთავარი კითხვა ისტორიული კი არა, პოლიტიკურია: რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ისევ სუბიექტი იყოს და არა ობიექტი, რომელიც მეგობრებს აღარ ახსოვთ, პარტნიორებს აღარ ჭირდებათ, მხოლოდ მტრები აქებენ.
ცენტრად არ რჩებიან ინერციით - ცენტრად რჩებიან არჩევანით. და თუ ეს არჩევანი არ კეთდება დროულად, გეოპოლიტიკა თავად იღებს გადაწყვეტილებებს შენს ნაცვლად.
ივანიშვილის ოცნების საქართველო თავიდანვე გაცხადებულად ასეთი იყო: "წიშე ვადი, ნიჟე ტრავი."
დავითის მემკვიდრეობას თუ ვინმე პოლიტიკურად და ღირებულებითად მტრობს, ეს დღევანდელი მეოცნებე ქართველია. დავით აღმაშენებლის საქართველოში კითხვა არასდროს იდგა ასე: "ვინ მოგვაქცევს ყურადღებას?", კითხვა იდგა სხვაგვარად - "ვინ ვერ შეძლებს ჩვენს გამოტოვებას, იგნორირებას".
დავითის საქართველო არ იყო ქვეყანა, რომელსაც სტუმრობდნენ თავაზიანობის გამო - დავითის საქართველო იყო ქვეყანა, სადაც ჩასვლა აუცილებელი იყო. დღეს, როცა მსოფლიო გეოპოლიტიკა გვერდს გვივლის, ეს უკვე მკაცრი და მკაფიო სიგნალია და არა შემთხვევითობა.
ამიტომ ჩვენი ამოცანა მარტივია, თუმცა რთულად მისაღწევი: დავიბრუნოთ სახელმწიფო, რომელსაც ენდობიან; დავიბრუნოთ თბილისი, სადაც ჩერდებიან; დავიბრუნოთ პოლიტიკა, რომელიც სხვებს აიძულებს ჩვენთვის ანგარიშის გაწევას.
აღმაშენებლის მემკვიდრეობა სწორედ იმაშია, რომ გვახსოვდეს: მნიშვნელობა არ გეძლევა, მნიშვნელობას თავად ვქმნით.
