logo
ENG



კობახიძე: ჯანდაცვის მიმართულებით გარდამტეხი ცვლილებებია საჭირო

08 თებ 202621:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/08/qmduqqayojrugqh.jpg

ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ჯანდაცვის სფეროში "გარდამტეხი ცვლილებების" საჭიროებაზე საუბრობს.

პროპაგანდისტული იმედის ეთერში საუბრისას კობახიძემ თქვა, რომ ამ საკითხზე კონკრეტული გეგმა ექნებათ წარმოდგენილი.

"ჯანდაცვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, სადაც გარდამტეხი ცვლილებების შეტანა არის საჭირო...

მთელი რიგი სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩვენი მოქალაქეები მიდიან ხოლმე სხვა ქვეყნებში, მათ შორის, თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში და ა.შ. ჩვენ, საბოლოო ჯამში, უნდა დავისახოთ ძალიან ამბიციური ამოცანა, რაც მიღწევადია საშუალოვადიან პერსპექტივაში, რომ ყველა ამ მიმართულებით ჩვენმა მოქალაქეებმა იგივე ხარისხის მომსახურება უნდა მიიღონ საქართველოში. ეს არის მიღწევადი. ჩვენ გვქონდა ამ საკითხების განხილვა, მათ შორის, ბოლო პერიოდის განმავლობაში და გვინდა, შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა საქართველოში, სადაც სათანადო, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი. [...]

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საქართველოში ისეთივე ხარისხის ცენტრების შექმნა, რაც არის დღეს უზრუნველყოფილი ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებში. ეს არის პრინციპული ამოცანა. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჯანდაცვის მიმართულებით, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც დამკვიდრდა ძალიან დიდი წარმატებით ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. საჭიროა ხარისხის ამაღლება. რა თქმა უნდა, ესეც არის პირდაპირ დაკავშირებული განათლების რეფორმასთან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სამედიცინო უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაზრდაზე. სწორედ მათ უნდა მოამზადონ მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი სამომავლოდ და აქაც რეფორმები განხორციელდება. ზოგადად, კონკრეტული გეგმა გვექნება წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა მივაღწიოთ ჯანადაცვის სერვისების იგივე დონეს, რაც დღეს თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში თუ სხვა შესაბამის ქვეყნებში არის უზრუნველყოფილი"- თქვა კობახიძემ.

 


close დახურვა