ევროპარლამენტმა ოთხშაბათს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხი გამოიყოფა.
„უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ ფარგლებში 60 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება, ხოლო 30 მილიარდი ევრო მაკრო-ფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის გამოიყოფა.
30 მილიარდი ევრო გაიცემა ევროკავშირის „უკრაინის ფონდიდან“ (Ukraine Facility) და მიზნად ისახავს ქვეყნის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვას. დარჩენილი 60 მილიარდი ევრო კი მიმართული იქნება უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად. დოკუმენტის თანახმად, თავდაცვითი პროდუქციის შეძენა პრინციპულად უნდა განხორციელდეს უკრაინის, ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური ზონის/ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EEA/EFTA) ქვეყნების ინდუსტრიებიდან. საჭიროების შემთხვევაში, თუ კონკრეტული აღჭურვილობა დროულად არ იქნება ხელმისაწვდომი, გათვალისწინებულია გამონაკლისებიც სხვა ქვეყნებიდან შესყიდვისთვის.
ფინანსური დახმარება გაიცემა უკრაინის მიერ მომზადებული და ევროკომისიის მიერ შეფასებული ფინანსური სტრატეგიის საფუძველზე, რომელსაც საბოლოოდ ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
დახმარება ექვემდებარება მკაცრ პირობებს - უკრაინამ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, დაიცვას სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, მათ შორის ეროვნული უმცირესობების უფლებები, ასევე გააძლიეროს კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიული ინსტიტუტები.
სესხის მომსახურების ხარჯები დაფარება ევროკავშირის წლიური ბიუჯეტებიდან. ევროკომისიის შეფასებით, ვალის მომსახურება 2027 წელს დაახლოებით 1 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო 2028 წლიდან - წლიურად დაახლოებით 3 მილიარდ ევროს. სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება უკრაინას მას შემდეგ დაეკისრება, რაც ის რუსეთისგან ომის რეპარაციებს მიიღებს.
საკანონმდებლო აქტები დაჩქარებული პროცედურით მიიღეს, რათა უკრაინისთვის დახმარება სწრაფად გახდეს ხელმისაწვდომი. უკრაინის მხარდაჭერის სესხის შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა 458-მა დეპუტატმა, 140 წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა. „უკრაინის ფონდის“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა 473-მა დეპუტატმა, ხოლო 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს (MFF) ცვლილებებს - 490-მა.
პაკეტის ამოქმედებისთვის საჭიროა ევროკავშირის საბჭოს ფორმალური დამტკიცებაც, რის შემდეგაც ევროკომისია შეძლებს პირველი ტრანშის გადარიცხვას 2026 წლის მეორე კვარტლის დასაწყისში.
ევროკავშირის ლიდერებმა სესხის მექანიზმზე შეთანხმებას 2025 წლის 18 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროპულ საბჭოზე მიაღწიეს, ხოლო ევროკომისიამ ინიციატივა ოფიციალურად 2026 წლის 14 იანვარს წარადგინა. აღნიშნული 90 მილიარდი ევრო უკრაინის შესაბამისი პერიოდის სავარაუდო ფინანსური საჭიროებების დაახლოებით ორი მესამედის დაფარვას ისახავს მიზნად.
ჩეხეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა სესხის მხარდაჭერაზე უარი თქვეს, რის გამოც შეთანხმება „გაძლიერებული თანამშრომლობის“ პროცედურით გაფორმდა, რაც მსურველ წევრ სახელმწიფოებს ერთსულოვნების გარეშე თანამშრომლობის საშუალებას აძლევს.
