logo
ENG



"ოცნებამ" "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში ექსპერტის წარდგენაზე უარი თქვა

11 თებ 202621:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/11/3bqfvsok3pet62i.png

ეუთო-ს ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ექსპერტთა მისია მუშაობას დღეიდან იწყებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება 24 თებერვლამდე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: moscowmechanism-georgia@odihr.pl

საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმი“ 29 იანვარს ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა.

„ფორმულას“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა მექანიზმის ფარგლებში საკუთარი ექსპერტის წარდგენაზე. არსებული პროცედურის თანახმად, „მოსკოვის მექანიზმი“ ჩვეულებრივ ითვალისწინებს სამი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფის ფორმირებას, საიდანაც ერთი უნდა დაასახელოს იმ ქვეყანამ, რომლის წინააღმდეგაც მექანიზმია ამოქმედებული - ამ შემთხვევაში, საქართველომ.

თუ სახელმწიფო უარს აცხადებს საკუთარი ექსპერტის შერჩევაზე ან ამას დადგენილ ვადაში არ ახორციელებს, პროცესი არ ჩერდება. ასეთ შემთხვევაში ინიციატორ ქვეყნებს უფლება აქვთ, თავად დანიშნონ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც მისიას ერთპიროვნულად განახორციელებს.

ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექსპერტი უნდა შეერჩია ეუთო-ს სპეციალური, წინასწარ დამტკიცებული „ექსპერტთა სიიდან“ (Resource List of Experts). თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა ამ შესაძლებლობით არ ისარგებლა.


close დახურვა