logo
ENG



EU-ის ელჩმა ოცნების საგარეოს შეხვედრის თხოვნით მიმართა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

12 თებ 202618:32
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/12/z79z97rnwqsalwx.jpg

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა EU-ის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ზურაბიშვილს შორის შეხვედრის შესახებ იუწყება.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა თავად ევროკავშირის ელჩმა მოითხოვა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ პაველ ჰერჩინსკიმ გიორგი ზურაბიშვილთან სერიოზული შეშთოთება გამოთქვა გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში წარდგენილი ცვლილებების პაკეტის შესახებ.

საუბარი შეეხო სანქციებსაც. 

განცხადება სრულად:

"2026 წლის 11 თებერვალს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის შესახებ თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. 12 თებერვალს, ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა გიორგი ზურაბაშვილმა მიიღო.

შეხვედრის მიზანი იყო გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა. პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების ამ სახით დამტკიცება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო სივრცესა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ზომები შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო.

ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს.

საქართველოს მხარემ, ასევე, ევროკავშირის სანქციების საკითხი წამოჭრა. ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკომისიის მიერ 6 თებერვალს შეთავაზებული სანქციების მე–20 პაკეტს ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებით კონტაქტი გაგრძელდება", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

შეხვედრის შესახებ ცნობა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.

განცხადება სრულად:

"აგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პოზიციის გადაცემა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე.

გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სახელმწიფო უწყებების მუშაობაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და გემების გადაადგილების მონიტორინგისა და სანქცირებული ობიექტების გამოვლენის, ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული საერთაშორისო აქტივობების გამოაშკარავების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების შესრულების მიმართულებებით. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარის ძალისხმევის, პროაქტიულად გატარებული ღონისძიებებისა და გამოვლენილი შემთხვევების თაობაზე ინფორმაცია, ანგარიშების სახით, რეგულარულად მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს, უპირველესად, კი ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს.

გიორგი ზურაბაშვილმა აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ყულევის ნავსადგურის ევროკავშირის სანქციების სიაში შესაძლო დამატების თაობაზე ყოვლად გაუგებარი, დაუსაბუთებელი და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ყულევის პორტში არ დაფიქსირებულა სანქცირებული გემის მიღების და/ან სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა. მინისტრის პირველმა მოადგილემ დასძინა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ყულევის ნავსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა ან შენიშვნა არ მიუღია, იმ ფონზე, როცა წლების განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რასაც სანქციებზე ევროკავშირის წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივენის, დადებითი შეფასებებიც მოწმობს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები მხედველობაში მიიღებენ ობიექტურ ფაქტებსა და საქართველოს მიერ შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით გაწეულ მასშტაბურ ქმედებებს და, რაიმე ტიპის შეზღუდვების დაწესებით, ზიანს არ მიაყენებენ კასპია - შავი ზღვა - ევროპის სტრატეგიულ კორიდორსა და ევროკავშირის “შუა დერეფნის” ინიციატივას, რომლის განუყოფელი ნაწილი ყულევის ნავსადგურიცაა", - აცხადებს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო. 


close დახურვა