logo
ENG



გიგი უგულავას მოსაზრება: ტრამპი და ივანიშვილის ცუმპა-ტრამპა

12 თებ 202621:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/12/f4p57k4cbbl2qy7.jpg

დილი, ინსტიტუციური ინერცია და დაკარგული სტატუსი

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიას - სომხეთს და აზერბაიჯანს
სტუმრობდა. საქართველოს მან გვერდი აუარა.

ეს მკაფიო პოლიტიკური გზავნილია, რომლის სწორად წაკითხვაც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მით უფრო იმ ფონზე, როცა ვიცით: ტრამპის ადმინისტრაცია არ ერიდება კონტაქტს არც ავტორიტარულ რეჟიმებთან და არც პრობლემურ პარტნიორებთან.

თუ ტრამპი ხვდება ყაზახეთს, უზბეკეთს და თურქმენეთს, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს, ჩნდება ლოგიკური კითხვა:
რატომ არ ხვდება საქართველოს?

ტრამპის ადმინისტრაცია: დილი და არა ღირებულებები

მოგვწონს ეს თუ არა, ფაქტია: დღევანდელ ამერიკულ ადმინისტრაციას არ აინტერესებს დემოკრატია და ლიბერალიზმი იმ კლასიკური გაგებით, როგორც ამას წინა წლებში ვხედავდით.

ტრამპი უკვე ერთი წელია პრეზიდენტია და პრაქტიკულად არასდროს იყენებს სიტყვას - ღირებულებები (ველიუს). მისი პოლიტიკის მთავარი სიტყვაა დილ — გარიგება, სარგებელი, შედეგი.

ამ ლოგიკაში კიდევ უფრო ცინიკურია ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და მისი გარემოცვა. მათთვის ქვეყნები არ არიან მეგობრები ან მორალური პროექტები. ისინი არიან სტრატეგიული ერთეულები, რომელთაც ან მოაქვთ სარგებელი ან ქმნიან პრობლემას.

ამიტომ, ტრამპისთვის სულ ერთია, მეორე მხარე დემოკრატიულია თუ ავტორიტარული. მისთვის საკითხი ასე დგას:
რაში გვჭირდება ეს ქვეყანა, შეგვიძლია თუ არა დილის დადება და შესრულდება თუ არა ის დისციპლინირებულად.

ტრამპის ადმინისტრაციას ერთი საზომი აქვს - წარმატება და გამარჯვება. დღევანდელმა საქართველომ მას შესაძლოა ორი რამ შესთავაზოს:

TRIPP-ის (Trump Route for International Peace and Prosperity) სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია სამხრეთ კავკასიის საერთო სტაბილურობაზე, სადაც საქართველო არის უსაფრთხოების და ლოჯისტიკის საკვანძო ღერძი—თუნდაც TRIPP-ის კორიდორი ნაწილობრივ გვერდს უვლიდეს მას. ვენსის ვიზიტი რეგიონში ხაზს უსვამს, რომ  TRIPP -ს წარმატება ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია და მას შედეგი აინტერესებს  და არა ვინმეს მიმართ სიმპათია-ანტიპათია.

ირანის კონტექსტში აშშ-ს სჭირდება პროგნოზირებადი პარტნიორი რეგიონში. სომხეთსა და აზერბაიჯანს ირანთან აქვთ სპეციფიკური ურთიერთობები. გეოგრაფიული და პოლიტიკური შეზღუდვები. ამ ფონზე საქართველო არის შედარებით უფრო მოქნილი პლატფორმა ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თბილისში არის სანდო და დისციპლინირებული ხელისუფლება. ამ ფონზე მთავარი კითხვა არის არა „ვინ გვიყვარს, არამედ ვის ვეყრდნობით რეგიონში“

თითქოს „ცხვირი გავს?! გავს, პირიც, შუბლიც და ნიკაპიც“ ყველაფერი ეწყობამაგრამ მაინც ვერ ეწყობა

სწორედ აქ ჩნდება პარადოქსი, რაზეც ოცნება ხშირად ეგზოტიკურად მოსთქვავს. ერთი შეხედვით, „ქართული ოცნება“ სწორედ ამ ენაზე ლაპარაკობს. ის საუბრობს კონსერვატიზმზე, ანტილიბერალიზმზე, NGO-ების შეტევაზე, დიფ სთეითზე — თითქოს თავსებადია ტრამპისტურ რიტორიკასთან. ჰყავთ ლობისტი მარა ლაგოს კარზე ვიქტორ ორბანის სახით, მაგრამ მაინც ვერ ლაგდება ურთიერთობა. რომის პაპის გასვენების რიგსა და ზამთრის ოლიმპიადის ტრიბუნაზე შემთხვევით ფოტოსესიას ურთიერთობები ვერ გასცდა

რატომ?

აქ მნიშვნელოვანია ერთი დაზუსტება: ტრამპი ხშირად ქაოსთან ასოცირდება — და ეს სიმართლეა. მაგრამ ტრამპისთვის ქაოსი დასაშვებია სანამ დილი მუშაობს.

რაც მისთვის მიუღებელია, არის გადაგდება.

ტრამპისთვის არ აქვს მნიშვნელობა, პარტნიორი ლიბერალია თუ ავტორიტარი.
აქვს მნიშვნელობა მხოლოდ ერთ რამეს:
თუ შევთანხმდით, შეთანხმება უნდა შესრულდეს.

აი, აქ იშლება პრობლემა.

ივანიშვილის ხელისუფლებისგან მოდის:

  • პოზიციების მუდმივი ცვლა
  • ერთ დღეს ამერიკის ლანძღვა, მეორე დღეს პარტნიორობის თხოვნა
  • რუსეთსა, ჩინეთთან და ირანთან პარალელური ფლირტი
  • საგარეო პოლიტიკის გამოყენება შიდა ვაჭრობისთვის

ასეთ პარტნიორთან დილს ვერ დებ.
და თუ დადებ — ვერ ენდობი შესრულებას.

ეს არ არის იდეოლოგიური პრობლემა. ეს არის კლასიკური გადაგდების პრობლემა. ივანიშვილი და შესაბამისად მისი ხელისუფლება ასეთი ბუნებისაა - ის დილს დებს მხოლოდ იმისთვის, რომ მეორე მხარეს დაასწოს გადაგდება. ის არასდროს დებს შეთანხმებას იმისთვის, რომ ის შეასრულოს. ივანიშვილის ეს ბუნება, საბოლოო ჯამში, მას პრობლემას შეუქმნის ყველა მიმართულებით

ინსტიტუციური ინერცი

მაგრამ არსებობს კიდევ უფრო ღრმა მიზეზიც. ტრამპი შეხვდა ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკიდან 14-ის ლიდერებს.
არ შეხვედრია მხოლოდ ერთს — საქართველოს.

თუ ტრამპი ხვდება თურქმენეთს, სადაც დემოკრატია პრაქტიკულად არ არსებობს,
რატომ არ ხვდება საქართველოს, რომელიც ამ ფონზე დღემდე ჯერ კიდევ დემოკრატიის შუქურად გამოიყურება?

პასუხი სწორედ აქ არის.

საქართველო ამერიკაში არ აღიქმებოდა როგორც უბრალოდ პოსტსაბჭოთა ქვეყანა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის აღიქმებოდა როგორც:

  • სტრატეგიული პარტნიორი
  • დემოკრატიის შუქურა
  • მოდერნიზაციის მაგალითი
  • ერთგული მოკავშირე

დღეს კი ამავე ინსტიტუციურ მეხსიერებაში საქართველო აღიქმება როგორც ქვეყანა, რომელმაც ეს სტატუსი დაკარგა. მარტივად - მოღალატე,
რომელიც რუსეთისა და ჩინეთისკენ გადაიხარა და ამას თან ერთვის ღია ანტიამერიკული რიტორიკა. ვაშინგტონის ინსტიტუციური მეხსიერების თვალით საქართველომ როლი შეიცვალა. ინსტიტუციური ინერცია ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ ნდობა აღარ არსებობს.

რატომ არის ეს საშიში

ინსტიტუციური ინერცია უსასრულო არ არის.

თუ საქართველოში სიტუაცია არ შეიცვალა, თუ ქვეყანა არ დაუბრუნდა პროგნოზირებადობას და პასუხისმგებლიან პოლიტიკას ინერცია ადრე თუ გვაინ ამოიწურება.

და მაშინ საქართველო აღარ იქნება უბრალოდ იმედგაცრუება. ის გახდება  მორიგი ყირგიზეთი (ცხადია არაფერს ვერჩი) — ქვეყანა ზედმეტი მოლოდინების გარეშე,
რომელსაც ხვდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე: არა ის, რომ საქართველო დაისაჯოს, არამედ ის, რომ მის მიმართ ინტერესი გაქრეს. სწორედ ესაა ივანიშვილის ამოცანა. დალაგდეს პირადად, ხოლო ქვეყანა ჰაერში და მის ჯიბეზე გამოკიდოს - საქართველო, რომელიც არსად არაა.

ინტერესი კი ბრუნდება მხოლოდ მაშინ, როცა პარტნიორი აღარ ცდილობს გადაგდებას და მზადაა დილის შესრულებისთვის — არა სიტყვებით, არამედ საქმით


close დახურვა