ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს. ჟურნალისტი სავარაუდოდ, ადვოკატ, ზურაბ თოდუას სარჩელის საფუძველზე აიყვანეს.
ზურაბ თოდუამ ეს ინფორმაცია ფორმულას დაუდასტურა.
"13 იანვარს მაქვს შეტანილი საჩივარი ელისო კილაძის წინააღმდეგ, რომლითაც ვითხოვდი მის პასუხისგებაში მიცემას იმ საქმეზე, რომელზეც ბენ ანორს ქონება წაართვა სამმა საქართველოს მოქალაქემ, ელისო კილაძეც მონაწილეობდა იმ ჯგუფში და რაღაც მანქანებით მან მოახერხა ისე, რომ პასუხისმგებლობის გარეშე დარჩა.
ჩემს მიერ მოპოვებული მტკიცებულებაც ზუსტად ამის საფუძველს იძლეოდა, რამე თუ ის ამ ფარულ ჩანაწერში დაგეგმვაში მონაწილეობდა, როგორ წაერთვათ ისრაელის ბიზნესმენისთვის ქონება. ასევე ამ ჩანაწერშია საკმაოდ საინტერესო მინიშნება იმის შესახებ, რომ ეს ქალბატონი საკმაოდ მყარად იყო დაკავშირებული საქართველოში მოქმედ ქოლ-ცენტრების თემებთამ...
დამატებით, გუშინ შევიტანე გენერალურ პროკურატურაში განცხადება, რომ გაეკეთებინათ რეაგირება ჩემს მიერ მიწოდებულ ფარულ ჩანაწერებზე, დიდი ალბათობით, ეს მოხდა", - თქვა მან.
მოგვიანებით, პროკურატურამ განაცხადა, რომ ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პროკურატურის განცხადებით, "ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე".
