თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი განმარტავს, რა პირობით გათავისუფლდა გიორგი ბაჩიაშვილი.
ფორმულას ეთერში მან თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე დატოვა.
ამასთან, აღნიშნა, რომ შეწყდა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ არსებული ყველა სისხლის სამართლის საქმე - ასევე, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ბაჩიაშილს შორის სამოქალაქო საქმეზე - "მიღწეულია მორიგება, რომლის პირობებიც კონფიდენციალურია".
რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ადვოკატის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილს მიესაჯა პირობითი მსჯავრი - 1 წელი, საიდანაც 9 თვე მან უკვე მოიხადა საპატიმროში და 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა.
"გიორგი თავისუფალია. მან დატოვა პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე. დაახლოებით 1-2 საათის წინ.
გიორგის მიმართ არსებული ყველა საქმე არის დასრულებული, ვინაიდან გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება 3-ვე საქმეზე, ხოლო რაც შეეხება მშობლებს, ორივე მათგანის მიმართ შეწყვეტილია სისხლისსამართლებრივი დევნა. ასევე, დაზარალებულსა [ბიძინა ივანიშვილსა] და გიორგის შორის სამოქალაქო საქმეზე მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ასევე დამტკიცდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლის განჩინებით და ეს გადაწყვეტილებაც არის გაუქმებული. სამოქალაქო საქმეზე არის მიღწეული მორიგება, მორიგების პირობები არის კონფიდენციალური, რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, მას მიესაჯა პირობით მსჯავრი 1 წლის ვადით, ასევე, ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობის და 9 თვე, თითქმის, რაც მან გაატარა პატიმრობაში, ცხადია, ითვლება ამ სასჯელში.
ყველა კითხვის ნიშანი, რაც არსებობდა, არის დახურული, შესაბამისად, არცერთ მხარეს პრეტენზია ერთმანეთის მიმართ არ გააჩნია.
ჩემი ინფორმაციით, არ აპირებს [ქვეყნის დატოვებას], თუმცა ზუსტი ადრესატი ამისი გიორგია. ვინაიდან, პირობითი მსჯავრის ქვეშ არის ამ წუთისთვის, რომც დააპიროს ქვეყნის დატოვება, შესაბამისი პროცედურების გავლა იქნება ამისთვის საჭირო", - თქვა ადვოკატმა.
დღეს, 18 თებერვალს გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ფორმულას პროკურატურაში უთხრეს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
კერძოდ, პროკურატურის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა მიყენებული ზიანი.
"სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა მიყენებული ზიანი, რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და ჯარიმაზე", - ამბობენ პროკურატურაში.
***
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის დამნაშავედ იყო ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა.
ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც.
კერძოდ, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო იქამდე დატოვა, ვიდრე მას ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
გარდა ამისა, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა მტკვარი ჰესის საქმეზეც - სსკ-ის 344-ე და 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა საინვესტიციო პროექტები არაეფექტიანად მართა, რის შედეგადაც მტკვარი ჰესის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო ჰესი დღემდე ექსპლუატაციაში არ შესულა.
