logo
ENG



კობახიძე ბაჩიაშვილზე: კიდევ ერთხელ აჩვენა რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი სახე

19 თებ 202618:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/19/ycmm9nwqcnlp8ip.jpg

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის გამოძიებასთან თანამშრომლობამ "რადიკალური ოპოზიციის სახე აჩვენა".

ის ამტკიცებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, ოპოზიცია კი ცდილობდა ამ საქმის პოლიტიზებას.

"როცა ხდებოდა კონკრეტული ტიპის დანაშაულების ჩადენა, ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა ამ საქმეების პოლიტიზებას და ასეთი უამრავი საქმე გვახსოვს. იყო ისეთი დანაშაულებრივი საქმეები, რომლებიც საერთოდ არ იყო კავშირში პოლიტიკასთან, თუმცა აქაც კი ახერხებდნენ სპეკულაციებს. ნუ, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამ მაგალითზეც დაადასტურა იმ მოვლენებმა, რომლებიც განვითარდა. გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი და დანარჩენი უკვე იყო, ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოების საქმე. შესაბამისად, დადასტურდა, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი და კიდევ ერთხელ ამითაც აჩვენა საკუთარი სახე რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

18 თებერვალს გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. 

ფორმულას პროკურატურაში უთხრეს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. 

კერძოდ, პროკურატურის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა მიყენებული ზიანი.

"სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა მიყენებული ზიანი, რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და ჯარიმაზე", - ამბობენ პროკურატურაში.

***

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის დამნაშავედ იყო ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც. 

კერძოდ, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო იქამდე დატოვა, ვიდრე მას ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

გარდა ამისა, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა მტკვარი ჰესის საქმეზეც -  სსკ-ის 344-ე და 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა საინვესტიციო პროექტები არაეფექტიანად მართა, რის შედეგადაც მტკვარი ჰესის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო ჰესი დღემდე ექსპლუატაციაში არ შესულა.


close დახურვა