logo
ENG



პარიზის სააპელაციომ ნამახვანჰესის საქმეზე $400 მლნ-ის გადახდის აღსრულება შეაჩერა

19 თებ 202612:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/19/x9gc1g7dcnaaivu.jpg
ვახო ქარელი/ფორმულა

პარიზის სააპელაციო სასამართლომ ნამახვანჰესის საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღიარა, რომლის თანახმადაც, საქართველოს კომპანია ენკას სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა, ქართული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.

პარიზის სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას Publika ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სარჩელში ქართული მხარე მიუთითებდა, რომ დიდი ოდენობით თანხის დაუყოვნებლივ გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტს სერიოზულად დააზარალებდა და სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციების შესრულებაზე აისახებოდა.

სწორედ ამიტომ, პარიზის სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს მოთხოვნა აღსრულების შეჩერების თაობაზე.

ამასთან, გადაწყვეტილებაში ნათქვამია ისიც, რომ სასამართლომ ასევე გაითვალისწინე, რომ კომპანია ენკა წამოადგენდა სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ კომპანიას და აღარ ახორციელებდა არსებით კომერციულ საქმიანობას ან არ ფლობდა მნიშვნელოვან აქტივებს - "შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ თუ გადაწყვეტილება საბოლოოდ გაუქმდებოდა, უკვე გადახდილი თანხის დაბრუნება რთული ან შეუძლებელი იქნებოდა".

ნამახვანჰესის საქმეზე არბიტრაჟის მიერ საქართველოსთვის დაკისრებული 400 მილიონი დოლარის გადახდის აღსრულება მანამდე იქნება შეჩერებული, სანამ საკითხზე პარიზის სააპელაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. 

კომპანიამ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი დაასახელა. 

2022 წელს კომპანიამ დაიწყო საარბიტრაჟო დავა, რათა მოეთხოვა კომპენსაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და გადაცემული აქტივების ღირებულებისთვის.

2024 წელს საარბიტრაჟო დავა დასრულდა, საქართველოს მთავრობას კომპენსაციის სახით Enka Renewables-სთვის $383.2 მილიონის გადახდა დაეკისრა.

შემდეგ კომპანია ენკამ პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებისა და საფრანგეთში მისი აღსრულების ნებართვის მისაღებად მიმართა. 

საქართველომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა გაუქმების მოთხოვნით და ამავდროულად მოითხოვა აღსრულების შეჩერება.


close დახურვა