ვასო აბაშიძის ახალ თეატრს პროტესტის ნიშნად მსახიობები ტოვებენ. მსახიობების გადაწყვეტილება თეატრის ფასადიდან სინდისის პატიმარ ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას უკავშირდება.
"დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის მსახიობი" - ამ შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნეს დღეს Facebook-ზე მსახიობებმა: ნანკა კალატოზიშვილმა, გივიკო ბარათაშვილმა, კახა კინწურაშვილმა და ეკა დემეტრაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მსახიობებმა - ტასო ჭანტურიამ და ლუკა ჯაფარიძემ დატოვეს.
ასევე, თეატრი დატოვა მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმაც.
თეატრის დატოვების შესახებ Facebook-ზე მსახიობმა მანუ თავაძემაც დაწერა.
"დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი. თავისუფლება ანდროს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", - დაწერა მან.
პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის გადაღებების გამო ახალი თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს. ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს ანდრო ჭიჭინაძის მეგობრებმა და კოლეგებმა - მათ თავდაპირველად მხარდამჭერი ბანერი ხელით ეკავათ, შემდეგ კი აივნიდან გადმოფინეს. მიუხედავად ამისა, 20 თებერვალს ბანერი მაინც ჩამოხსნეს.
