უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მუქარებს, რომლის თანახმადაც, თუ კიევი მილსადენ დრუჟბას გავლით ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენდა, მაშინ ისინი საპასუხოდ ელექტროენერგიის მიწოდებას შეაჩერებდნენ.
"ულტიმატუმები კრემლს გაუგზავნეთ და არა კიევს", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში.
სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის ქმედებები უპასუხისმგებლოა და მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა ევროკომისიის წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტშია რუსეთის ყოველდღიური დარტყმებით დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებზე.
სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას საგანგებო მნიშვნელობის მქონე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრებიან.
სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ თქვა, რომ თუ კიევი ორშაბათამდე არ უზრუნველყოფს რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენას სლოვაკეთში, ის ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტას დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყენებენ დრუჟბას მილსადენით შესულ რუსულ ნავთობს - თუმცა, უკრაინის გავლით დრუჟბას ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ ნავთობი აღარ მიეწოდებათ.
უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, Reuters-ის სტატიიდან ცნობილი ხდება, რომ როგორც უნგრეთმა, ასევე სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის დიზელის ექსპორტს შეაჩერებენ.
