logo
ENG



საბჭოთა ოკუპაციის 105-ე წლისთავზე ახალგაზრდებმა და ევროპის ქვეყნების ელჩებმა პატივი მიაგეს იუნკერთა ხსოვნას

23 თებ 202616:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/23/uzl9pvnn65gyqhw.png

იუნკერთა ხსენების დღეს, კოჯრის იუნკერთა მემორიალთან გაიმართა საბჭოთა ოკუპაციის 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაზე ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ევროპელმა დიპლომატებმა ერთად მიაგეს პატივი იმ გმირთა ხსოვნას, რომლებმაც 1921 წელს თავი გასწირეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეკრებილებმა ყვავილებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იუნკერთა და სამშობლოსათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. ღონისძიების ორგანიზატორმა ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ გმირთა თავგანწირვა თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის დღემდე ახსენებს თაობებს პასუხისმგებლობას. დღევანდელი აქტი კი, ევროპელ ელჩებთან ერთად იუნკერთა ხსოვნისათვის პატივის მიგება, მტკიცე სოლიდარობის დასტურია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საბჭოთა ოკუპაციის გამო, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ვერ მოხერხდა საელჩოების გახსნა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათ შორის, შვედეთის სამეფოს ელჩი, ანა ლიბერგი, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი, ლატვიის რესპუბლიკის ელჩი, ედიტე მედნე, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი, ვესელინ ვალკანოვი, ნორვეგიის სამეფოს ელჩი ბერგლიოტ ჰოვლანდი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი არტურ გებალი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ზანე რუნგულე. ასევე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და უნგრეთის საელჩოების წარმომადგენლები.

ღონისძიება „ახალგაზრდობის თანხმობის აქტის“ ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს თანასწორობის ასოციაციის, JEF საქართველოს, ახალგაზრდული ფორუმის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის, ევროპული ახალგაზრდული ცენტრის, პლატფორმა „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“ და სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.


close დახურვა