დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტივისთვის” სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც მის ე.წ. დასაბუთებასთან ერთად იმდენად აბსურდულია, რომ მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება აზრს მოკლებულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.
„სწორედ ამგვარი პროცესების შედეგია უკიდურესად დაბალი რეიტინგი, რომლითაც დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში სარგებლობს. სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა, საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა, რომელთა ჩამონათვალი ძალზე ვრცელია – დაწყებული ბოლო წლების ეკონომიკური სტაგნაციით და დამთავრებული უმძიმესი მიგრაციული პრობლემებით. მოვლენები ისე ვითარდება, რომ, მაღალი ალბათობით, დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება და აღარც ბრიტანეთი, რის გამოც განსაკუთრებულ შეშფოთებას და სინანულს გამოვხატავთ“, – წერს კირცხალია.
