105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას, - ასე ეხმაურება "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
„რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდოდა, რომ შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა. აღარაფერს ვიტყვი იმ განმარტებაზე, რომელიც მათ ჰქონდათ, აბსოლუტური სისულელე - როგორ თუ ტელევიზიაში ითქვა, რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო. დიახაც, კორუმპირებული კი არა, ზე კორუმპირებული არის. რაც შეეხება მიზეზებს, რა თქმა უნდა აბსოლუტურად არ ანაღვლებს ბრიტანეთს დეზინფორმაცია.
ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი - „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე - „ტვ პირველის“ დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული, პარტიული მედიის მფლობელი უზის თავისთან. მეორე, სულ ახლახან აპირებდა ბრიტანეთი დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“. არანაირი ღირებულებები არ არსებობს. მგონი უკვე დაგვანახა თანამედროვე სამყარომ. ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ევროპელებისა და ბრიტანელების სახე. დაგვანახეს ის მთელი სიყალბე და ფარისევლობა ევროპელებისა და ბრიტანელების, თითქოს რაღაც ღირებულებებზე დგანან. 12 ათასი კაცი ჰყავთ დაჭერილი იმის გამო, რომ არ მოეწონათ მათი კომენტარი.
„იმედი“ არის ტელეკომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა. ამიტომ უნდათ, რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა. როცა ებრძვის ბრიტანეთი მართალ სიტყვას, ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
