ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ.
ეს ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ხამენეი, ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია".
ასევე, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშების შედეგად, დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური და ისლამური რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ირანულ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.
28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი საჰაერო იერიში მიიტანეს. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს მოუწოდა, ისარგებლონ მომენტით და "აიღონ კონტროლი საკუთარ მთავრობაზე". ნეთანიაჰუს განცხადებით, მიზანი "აიათოლას რეჟიმის დასრულებაა".
თეირანმა რაკეტებით და დრონებით შეუტია ისრაელისა და აშშ-ის ბაზებს რეგიონში. აფეთქებები მოხდა დუბაიში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და კატარში.
თეირანში ქალაქში სამთავრობო კვარტალი გადაკეტილია, მოსახლეობას კი თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
