ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ადასტურებენ, რომ ჰეზბოლამ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ეს 2024 წლის ნოემბერში მიღწეული ზავის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
IDF-ის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ერთ-ერთი რაკეტა გაანეიტრალა, ხოლო დანარჩენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ჰეზბოლამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილზე.
საპასუხოდ, ისრაელის სამხედროებმა ჰეზბოლას პოზიციებზე იერიშები დაიწყეს. IDF-ის განცხადებით, დაჯგუფება „ლიბანის სახელმწიფოს ანადგურებს“ და მიმდინარე ესკალაციაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება. გავრცელებული ცნობებით, დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ბეირუთის სამხრეთი რაიონები გახდა, სადაც ჰეზბოლა მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს.
პარალელურად, ისრაელმა მორიგი საჰაერო იერიშები განახორციელა თეირანზე. ბოლო თვეებში ისრაელი პერიოდულად უტევდა ჰეზბოლას სამიზნეებს, თუმცა დაჯგუფება არ ჩართულა ირანსა და ისრაელს შორის 2025 წლის ივნისში მომხდარ 11-დღიან ომში.
რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია და არსებობს შემდგომი ესკალაციის საფრთხე.
