Middle East Eye არაბ მაღალი რანგის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა შესაძლოა იერიში მიიტანოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენზე, რომელიც აზერბაიჯანიდან ისრაელს ნავთობს აწვდის.
ჯეიჰანის პორტი BTC-ს მილსადენის საბოლოო პუნქტია, საიდანაც ნავთობი თურქეთში მდებარე ჰეიდარ ალიევის ტერმინალიდან ისრაელში იგზავნება.
მედია წერს, რომ ირანის მუქარა "მტრის ნავთობის ხაზებზე" დარტყმის შესახებ ზრდის შიშს, რომ შესაძლოა სამიზნე გახდეს აზერბაიჯან-თურქეთის მილსადენი, რომელიც ისრაელს ამარაგებს.
ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) მეთაურის მრჩეველმა სამშაბათს განაცხადა, რომ თეირანი მიზანში ამოიღებს მტრის ნავთობით მომარაგების ხაზებს და არ დაუშვებს რეგიონიდან ნავთობის ექსპორტის გაგრძელებას.
როგორც Middle East Eye წერს, ირანულ მედიაში გავრცელებული ეს განცხადება გაკეთდა რეგიონში დაძაბულობის ზრდის ფონზე, რაც აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს მოჰყვა.
წყარომ მედიასთან თქვა, რომ ირანის მუქარა "მტრის ნავთობის ხაზებზე" დარტყმის შესახებ მხოლოდ BTC მილსადენს შეიძლება გულისხმობდეს, რადგან ის ისრაელისთვის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია.
ისრაელის ნავთობის მომარაგების თითქმის 30% სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადის.
მილსადენი იწყება აზერბაიჯანში, გადის საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე და შემდეგ ნავთობი ჯეიჰანის პორტიდან იგზავნება ისრაელში. წყაროს თქმით, ირანმა შეიძლება ყველაზე მარტივად მისაწვდომ აზერბაიჯანის ტერიტორიას დაარტყას.
