ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში 4 მარტს დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით უპილოტო საფრენის აპარატების დაფიქსირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურმა ადგურ გუმბამ დაადასტურა, რომ "მასშტაბური საჰაერო თავდასხმისას აფხაზეთის თავზე დაახლოებით 30 დრონი დააფიქსირეს“.
მან თქვა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ცალკეული გადაფრენა ადრეც დაუფიქსირებიათ. ასევე, აღნიშნა, რომ "რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით დრონების 99%-ის განადგურება შეძლეს".
"გუშინ ჩვენ უპილოტო საფრენი აპარატების უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი გამოყენების შემთხვევას წავაწყდით. ადრეც დაგვიფიქსირებია ცალკეული გადაფრენა - 5-7 ერთეული, რომელთაგან ზოგი ჩამოაგდეს კიდეც, მაგრამ პანიკის თავიდან აცილების მიზნით, ეს ყველაფერი არ გვითქვამს მოსახლეობისთვის. დღეს, როდესაც აპარატების ჩამოვარდნა 11 დასახლებულ პუნქტში დააფიქსირეს, დასამალი არაფერია. მიმდინარეობს აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ერთობლივი სამუშაოები.
სამიზნეები ნადგურდება ან ფიზიკურად - რაკეტებითა და ჭურვებით, - ან მწყობრიდან გამოდის რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით. ამ შემთხვევაში, მოწყობილობა უმართავი ხდება. ჩვენი დანაყოფები ცდილობენ ცეცხლის ისე კორექტირებას, რომ ჩამოგდებული დრონი საცხოვრებელი ნაგებობებისკენ არ მიიმართოს. გუშინ ერთ-ერთმა მოწყობილობამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, მაგრამ სპეციალისტებმა სწრაფად აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება'', - განაცხადა მან.
ადგურ გუმბამ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა "სიფხიზლისა" და "დროული ინფორმირებისთვის" და ისიც აღნიშნა, რომ "სიტუაცია თავდაცვის უწყების მხრიდან სრულად ექვემდებარება კონტროლს''.
ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებამდე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის ცაში მფრინავი დრონებია ასახული.
4 მარტის საღამოს "დრონების საფრთხის გამო" ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობაც შეჩერდა.
