logo
ENG



დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

10 მარ 202611:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/10/wjomp0ij07oqbme.png

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ირანის, უკრაინისა და ვენესუელის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბრის მთავარი აქცენტი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და ირანთან დაკავშირებულ კონფლიქტზე გაკეთდა. ასევე განიხილეს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, რომელშიც აშშ მონაწილეობს.

უშაკოვის განმარტებით, პუტინმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის უთანხმოების პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა და საკუთარი ხედვებიც გააზიარა. ტრამპმა კი მიმდინარე მოვლენები ისრაელთან ერთად განხორციელებული ოპერაციის კონტექსტში შეაფასა.

ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარებაც განიხილეს. პუტინმა დადებითად შეაფასა აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე პროცესები და ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, ხოლო ტრამპმა კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულების იმედი გამოთქვა.

საუბრის კიდევ ერთი თემა ვენესუელა და ნავთობის მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება იყო.

იური უშაკოვის თქმით, სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა და დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. მისივე განცხადებით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც რეგულარულად გააგრძელონ კომუნიკაცია.


close დახურვა