რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ტოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საქართველოს შესახებ ისაუბრა, მისი თქმით "სურთ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზე იხილონ".
"მკაფიოა ჩვენი პოზიცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველომ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ შავი ზღვის რეგიონის მეზობლები ვართ და ამ მხრივ ჩვენ ასევე ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროპულ გზაზე და გვინდა რომ ქართველი ხალხის ნება იყოს გათვალისწინებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც შავი ზღვა ასეთი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხით, არამედ ენერგოტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის, წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის კუთხით'", - თქვა ოანა-სილვია ტოიუმ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე, გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. მსჯელობის თემა იქნება "საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები''.
