ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის სამხრეთ-დასავლეთით ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტზე იერიში მიიტანეს.
Axios ისრაელის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ იერიში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან იყო კოორდინირებული და მათ მიერვე იყო დამტკიცებული. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელმა ირანის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას დაარტყა, რაც ირანის ეკონომიკის საკვანძო სექტორს წარმოადგენს.
The Guardian წერს, რომ სამიზნე ქალაქ ბუშირთან მდებარე "სამხრეთ ფარსის" (South Pars) გაზის საბადოს რამდენიმე ობიექტი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელის იერიშებს ირანში მდებარე ნავთობის საცავებზე ეწინააღმდეგებოდა და ისრაელს სთხოვდა, აშშ-სთან კოორდინაციის გარეშე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები არ მიეტანა.
