logo
ENG



ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა

19 მარ 202620:53
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/19/2yr7miyp3zx1wg5.png

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა, თუმცა მნიშვნელოვანი ზიანი არ დაფიქსირებულა.

ისრაელის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე, თუმცა ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი არ მიუღია.

ენერგეტიკის მინისტრის, ელი კოენის განცხადებით, იერიშის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდა, თუმცა მალევე აღდგა და მომხმარებელთა უმეტესობას ენერგომომარაგება დაუბრუნდა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ რეგიონში ენერგოსისტემის დაზიანება ლოკალურ ხასიათს ატარებს და მნიშვნელოვანი არ არის. ასევე, ჩრდილოეთის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სერიოზული ზიანი არ გამოუწვევია.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ სამიზნე იყო ჰაიფასა და აშდოდში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები, ასევე უსაფრთხოების და სამხედრო მხარდაჭერის ცენტრები. მათი თქმით, იერიშები ზუსტი სარაკეტო დარტყმებით განხორციელდა.

ამ ეტაპზე უცნობია, დაზიანდა თუ არა აშდოდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

პოლიციის ინფორმაციით, ჰაიფაში რამდენიმე ადგილზე მუშაობდნენ ასაფეთქებელი მოწყობილობების განეიტრალების ჯგუფები, სადაც ჭურვები ჩამოვარდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


close დახურვა