The Washington Post ევროპული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური განიხილავდა სცენარს, რომლის მიხედვითაც, იგეგმებოდა უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის მკვლელობის მცდელობის გათამაშება, რათა გაზრდილიყო მისი პარტია Fidesz-ის რეიტინგი არჩევნების წინ, რომელიც 12 აპრილს გაიმართება.
WP მასალის განხილვისა და გაანალიზების შემდეგ წერს, რომ უცნობია, რამდენად მაღალ დონეზე განიხილეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ეს წინადადება - "ვიქტორ ორბანის მკვლელობის მცდელობის ინსცენირება" რუსეთის ხელისუფლებაში და აქვე აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციას კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დეზინფორმაცია უწოდა, ხოლო საგარეო დაზვერვის სამსახურმა საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
მასალაში აღნიშნულია, რომ ამ "რადიკალური ქმედების საჭიროებაზე" საუბარი დაზვერვის ოფიცრებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გასულ თვეში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთმა განყოფილებამ პრემიერ ვიქტორ ორბანის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მკვეთრი კლების გამო აპრილის არჩევნებამდე პერიოდში - განგაში ატეხა.
სოციოლოგების ბოლოდროინდელი მონაცემები აჩვენებს, რომ ვიქტორ ორბანი ჩამორჩება პეტერ მადიარს, რომელიც ასევე კონსერვატორია და ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-ის ყოფილი წევრია, თუმცა ახლა ანტიკორუფციული რეფორმების პლატფორმით გამოდის - რუსი დაზვერვის ოფიცრები წერენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, 52.3% უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული მდგომარეობით და ეს უკმაყოფილება არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც ჭარბობს, სადაც მანამდე მმართველი პარტია Fidesz ძლიერი იყო.
ევროპული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ შიდა ანგარიშში რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებიც ვიქტორ ორბანზე თავდასხმის ინსცენირების სცენარის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას, მიიჩნევენ, რომ ეს - "ფუნდამენტურად შეცვლიდა საარჩევნო კამპანიის მთელ პარადიგმას" და ყურადღებას გადაიტანდა - "სოციალურ-ეკონომიკური საკითხების რაციონალური სფეროდან ემოციურზე".
მასალაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ვიქტორ ორბანზე არავითარი რეალური თავასხმები ჯერჯერობით არ მომხდარა და ამავდროულად, მითითებულია, რომ ასეთი გეგმის არსებობა მიუთითებს უნგრეთის არჩევნების შედეგებით მოსკოვის ძლიერ დაინტერესებაზე.
The Washington Post წერს, რომ ბოლო კვირებში ვიქტორ ორბანი და მისი პარტია ცდილობენ, რომ ყურადღება ეკონომიკური პრობლემებიდან - გარე უსაფრთხოების საკითხებზე გადაიტანონ. სწორედ ამ კონტექსტში, საუბარია მილსადენ დრუჟბაზე, რომლითაც იაფი რუსული ნავთობის გადაქაჩვა მას შემდეგ შეწყდა, რაც უკრაინის თქმით, მასზე რუსეთმა თავდასხმა განახორციელა. თუმცა, უნგრეთი ამაში ბრალს უკრაინას სდებს.
მედიასთან საუბრობენ დასავლელი ოფიციალური პირებიც და ამბობენ, რომ უნგრეთში ატმოსფერო ძალიან დაძაბულია. ამასთან, WP-სთან საუბრისას ყოფილი დაზვერვის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ვიქტორ ორბანის პარტიის შესანარჩუნებლად, რადგან, მისივე თქმით, რუსეთი უნგრეთს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.
The Washington Post-ის მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან უნგრეთის მხარდაჭერა მოიცავს სოციალური მედიის კამპანიებს, რომლებიც ავრცელებენ უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის მხარდამჭერ მესიჯს, კერძოდ, კამპანია აგებულია იმაზე, რომ ვიქტორ ორბანი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც უნგრეთის სუვერენიტეტს დაიცავს.
ამასთან, მასალაში აღნიშნულია, რომ რუსეთის აგენტები მუშაობენ სხვა დეზინფორმაციის კამპანიებზეც - კერძოდ, ყალბი ვიდეოების შექმნაზე და ოპოზიციის კანდიდატის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების გავრცელებაზე.
გარდა ამისა, მედია წერს, რომ უნგრეთში რუსეთის ელჩი რეგულარულად ხვდება პროსამთავრობო ჟურნალისტებს და მათ მითითებებს აძლევს. რუსეთი უარყოფს ჩარევას.
დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ასევე, შესაძლოა რუსეთი ემზადებოდეს არჩევნების შედეგების დისკრედიტაციისთვის.
