შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა, სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ, – ამის შესახებ კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა, ბართლომეოს პირველმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიალზე განაცხადა.
როგორც ბართლომეოს პირველმა აღნიშნა, ილია მეორე იყო ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად ანაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას.
„უნეტარესნო და უწმინდესნო, ღვთის წმინდა ადგილობრივი ეკლესიათა ყოვლად სამღვდელონო წარმომადგენელნო, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტო, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, შიო, დაქვრივებული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დამწუხრებულნო პატივცემულო მღვდელმთავარნო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ბიძინა ივანიშვილო, თქვენო აღმატებულებავ, ქვეყნის ხელისუფალნო, სხვა ქრისტიანულ აღმსარებლობათა და რელიგიათა პატივცემულო წარმომადგენელნო, თქვენო აღმატებულებავ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პატივცემულო თბილისის მერო, ყოველი ხარისხის ყოვლად ღვთისმოსავნო ბერნო და მონაზონნო, ღვთისმოსავო საქართველოს ერო, როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის, პატივისცემისა და ღმრთის მოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული მცხეთა-თბილისის მთავარეპიკსოპოსისი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ჩვენგან განშორებას. საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღრმთო მადლი. პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი, ყოვლად კეთილსა და ერისმოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი, ღვთისმომიში.
წმინდა მოციქული ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღრმთისმოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს. შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა, სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ. ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად ანაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას.
ქრისტეს და მისი ეკლესიის მსახურებას ადრეულ ასაკში მიუძღვნა თავი, როცა იდევნებოდა სარწმუნოება, როცა ათეიზმის კანონით იყო დამკვიდრებული და ძალადობრივად ბატონობდა. მან შეძლო, შეენარჩუნებინა სიბრძნე და უმანკოება სახარებისეული სიტყვების მიხედვით. ის გულმოდგინედ მოღვაწეობდა სათნოებასა და საღმრთო ქმედებების საქმით აღსრულებაში. იწვრთნებოდა, ვითარცა მორწმუნე მსახური ქრისტესი და მნე ღმრთის საიდუმლოთა. მთელი მისი ცხოვრება იყო მრავალმხრივი მოწმობა მართლმადიდებელი სახარებისეული და ჭეშმარიტების ნამდვილი გამოცდილებისა. ამის გამო, ღმერთმა ადრევე არწმუნა მას ჯერ მღვდელმთავრობის, ხოლო ძალიან მალე პატრიარქობის დიდი პასუხისმგებლობა, ნეტარხსენებულ დავითის მემკვიდრედ. მან განაბრწყინა მისი წმინდა საღმდელმთავრო ონოფორი და საპატრიარქო ტახტი 49 წლის განმავლობაში, როგორც ამ ეკლესიის 141-ე პატრიარქმა. არ დარჩენილა საქართველოში ეკლესიური, საზოგადოებრივი და ეროვნული ცხოვრების არც ერთი სფერო, სადაც მას პიროვნების თვალსაჩინო და სასარგებლო კვალი არ დაეტოვებინა. ღვთისმოსავი და თავმდაბალი, ღვთისმსახურების მოყვარე, სასულიერო წოდების ღირსების მქონე, ძმათმოყვარე, მშვიდობისმყოფელი და შემრიგებელი, უშუალო და კეთილგანწყობილი, ტკბილის ქცევითა და სიტყვით, მრავალმხრივ განსწავლული და უაღრესად კეთილშობილი, დახვეწილი და შემოქმედი ბუნების. გამორჩეული ნიშნით ხატწერაში, ფერწერასა და მუსიკალურ შემოქმედებაში, ასევე ხუროთმოძღვერებაში“, – განაცხადა ბართლომეოს პირველმა.
