logo
ENG



SJC ხოშტარიაზე: პარტიულ კონტროლს დაქვემდებარებული მართლმსაჯულების გამოვლინებაა

25 მარ 202616:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/25/fzv6yktw2s90fse.png

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლით შეფარდებულ პატიმრობას ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებით, ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური ანგარისშწორების იარაღად იქცა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ხოშტარიას მიერ ჩადენილი ქმედება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არაა და ამას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს.

"მიგვაჩნია, რომ ელენე ხოშტარიასთვის 1.5-წლიანი პატიმრობის შეფარდება პარტიულ კონტროლს დაქვემდებარებული მართლმსაჯულების კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა [...] ხაზგასასმელია, რომ ბანერის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობას სპეციალური კანონი ითვალისწინებს, რომელიც უშუალოდ სააგიტაციო მასალას მიემართება, რაც აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად გამორიცხავს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრალის აბსურდულობას და “სამაგალითოდ დასჯის” პოლიტიკურ დაინტერესებას. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კალაძის საარჩევნო ბანერი სწორედ სააგიტაციო მასალად ითვლება. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის თანახმად, სააგიტაციო მასალა არის პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი (მე-2 მუხლი ჰ7 პუნქტი).

ამავე კოდექსით წესრიგდება უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის წესიც. საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი (93-ე მუხლის, მე-4 პუნქტი). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ობიექტურად დგინდება, რომ ბანერის დაზიანებას ადგილი ჰქონდა, სისხლისსამართლებრივ დევნის დაწყების საფუძველი მაინც არ არსებობს და შესაბამისი ნორმის საფუძველზე, შესაძლოა მოხდეს პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით მაქსიმუმ 1 000 ლარის ოდენობით დაკისრება. (93-ე მუხლის მე-4 პუნქტი)". - წერს ორგანიზაცია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, რომ ელენე ხოშტარიას ქმედება სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

"სასამართლომ მხედველობის მიღმა ასევე დატოვა სამართლებრივი პრინციპი, რომლის მიხედვით, სისხლის სამართალი გამოიყენება, როგორც უკანასკნელი საშუალება და მხოლოდ მაშინ, როცა სხვა, უფრო მსუბუქი სამართლებრივი რეაგირება (მაგ. ადმინისტრაციული სანქცია) არ არის საკმარისი.

სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებიც, მაშინ, როცა საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ სიტყვიერ ან წერილობით განცხადებებს, არამედ სიმბოლურ ქმედებებსაც, რომელიც მათ შორის, შეიძლება გამოიხატოს სწორედ ბანერზე წარწერის განთავსებაშიც, რაც ვერ ჩაითვლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის უფლებებში ჩარევად, ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო.

ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და მკაცრი სასჯელი ქმედებისთვის, რომელიც გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ჩარჩოში უფრო მეტად ექცევა და ამავდროულად, სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ აჩვენებს პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირებასა და პოლიტიკური ლიდერების უპრეცედენტო დევნის პრაქტიკას საქართველოში". - წერს ორგანიზაცია.

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, 24 მარტს გამოიტანა.

ელენე ხოშტარიამ საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარერა "რუსული ოცნება". მას პროკურატურა "სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე" 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავებოდა.

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.


close დახურვა