რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა კვლავ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობებზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ ოფიციალური თბილისი ამისთვის მზად იქნება, "მოსკოვში თავს არ აარიდებენ საგნობრივ პოლიტიკურ დიალოგს".
ზახაროვა ისევ აქებს ქართული ოცნების ხედვას და ამბობს, რომ "თბილისში, მათ ქვეყანასთან მიმართებით დასავლეთის რეალური მიზნების გაცნობიერების შემდეგ, იწყებენ იმის გააზრებას, რომ საქართველოს კეთილდღეობის გასაღები არა კონფრონტაციაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობაშია.
ამასთან, ის ამბობს, რომ "გარკვეულ მომენტებზე პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ახალისებენ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას" და აღნიშნავს, რომ "როგორც ჩანს, ქართული მხარეც ასევე, დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგით".
რუსეთის საგარეოს ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა საქართველოს ეკონომიკის "უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია".
ამასთან, ის ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს - "ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული", რადგან მისი მტკიცებით, რუსეთი "დასავლურ პრაქტიკას არ იყენებს".
მარია ზახაროვამ მორიგ ჯერზე ახსენა "სააკაშვილის კრიმინალური და უგუნური რეჟიმი".
"პოლიტიკურ დიალოგს რაც შეეხება, შემიძლია გავიმეორო, რომ თუ და როცა იქნებიან ამისთვის მზად თბილისში, მოსკოვში თავს არ აარიდებენ საგნობრივ საუბარს. რუსეთთან დიალოგზე უარის თქმის ხაზი, ისევე როგორც 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები, სააკაშვილი კრიმინალური და უგუნური რეჟიმის მემკვიდრეობის ნაწილია.
ვფიქრობ, თბილისში, მათ ქვეყანასთან მიმართებით დასავლეთის რეალური მიზნების გაცნობიერების შემდეგ, იწყებენ იმის გააზრებას, რომ საქართველოს კეთილდღეობის გასაღები არა კონფრონტაციაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობაშია", - თქვა მან ბრიფინგზე.
მარია ზახაროვამ ამ განცხადებით ბრიფინგზე ქართული ოცნების მხარდამჭერი პროპაგანდისტი ნიკოლოზ მჟავანაძის შეკითხვას უპასუხა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის პერსპექტივებს ეხებოდა.
