logo
ENG



აშშ-ში დაფუძნებული NGO - Free Russia Foundation ოცნების მმართველობაზე ანალიზს აქვეყნებს

26 მარ 202623:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/26/bhkx7m2s60cl5cm.png

აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია - Free Russia Foundation საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სახელწოდებით - "ქართული ოცნების პოლიტიკური პატიმრების სისტემა" და წერს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ახალ ეტაპზე გადავიდა.

ორგანიზაციის ანგარიშში აღწერილია, როგორ შექმნა ქართულმა ოცნებამ დე ფაქტო პოლიტიკური პატიმრების სისტემა - ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ქართული ოცნება მმართველობის სისტემად პოლიტიკურ რეპრესიას აქცევს. კერძოდ, აღნიშნულია, რომ "2024-ის ბოლოდან საქართველო გადავიდა კრიტიკულ ზღვარს - დემოკრატიული უკუსვლიდან სისტემურ პოლიტიკურ რეპრესიამდე".

ანგარიშის თავშივე ნათქვამია, რომ 2024 წლის ბოლოდან ასობით ადამიანი დააკავეს ან დააპატიმრეს პოლიტიკურად მოტივირებული საფუძვლებით, რის შედეგადაც, პოლიტიკური პატიმრების მაჩვენებელი მოსახლეობის პროპორციით - მიუახლოვდა, ზოგ შემთხვევაში კი, გადააჭარბა რუსეთის მაჩვენებელს. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინსტიტუციები - სასამართლოები, პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები - "რეპრესიისა და სახელმწიფო დაპყრობის ინსტრუმენტებადაა გადაქცეული".

ანგარიშში ასევე საუბარია დემონსტრაციების დროს აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობაზეც, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე.

გარდა ამისა, ნახსენებია ქართული ოცნების მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ანგარიშში განხილული საქმეები წარმოაჩენს რეპრესიის არქიტექტურას და არა იზოლირებულ გადაცდომებს. ამ კონტექსტში გამოყოფილია:

  • პროტესტთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები "ჯგუფური ძალადობის" ბრალდებით, რომლებიც არ ემყარება სათანადო მტკიცებულებებს;
  • შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის ნარკოტიკების "ჩადების" ბრალდებები;
  • პოლიტიკური გამოხატვის დასჯა სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენებით;
  • ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიზანმიმართული დაპატიმრებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების სისტემური დემონტაჟი სამართლებრივი და ფინანსური ზეწოლის გზით.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ერთობლიობაში ეს ტენდენციები აჩვენებს ქართული ოცნების კოორდინირებულ სტრატეგიას, რომლის მიზანია მობილიზების შეზღუდვა, ზედამხედველობის განეიტრალება და პროდასავლური პოლიტიკური ალტერნატივების აღმოფხვრა.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს რეპრესიები განუყოფელია საქართველოს უფრო ფართო, რუსეთისკენ მიბრუნებული გეოპოლიტიკური ტრაექტორიისგან.

ანგარიშში საუბარია იმაზეც, თუ რატომ იქცა პოლიტიკური პატიმრობა სისტემურ პრობლემად და ხაზგასულია, რომ ამის ფართო მასშტაბებში მოყვანა ქვეყანაში მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ქართულმა ოცნებამ სისტემურად დაიპყრო - სასამართლო, პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ინსტიტუტების დაპყრობას თან ახლდა საქართველოს ოდესღაც ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების სისტემური დაშლა.

ორგანიზაცია საუბრობს მედიის მდგომარეობაზეც და აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ გაანეიტრალა სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია რუსეთის მსგავსი კანონმდებლობის, ფინანსური ზეწოლისა და დაშინების მეშვეობით. შედეგად კი - წამება, არასათანადო მოპყრობა და პროცედურული ბოროტად გამოყენება სისტემურად გამოუძიებელი რჩება, ხოლო რეპრესიებში ჩართული ოფიციალური პირები დაუსჯელად მოქმედებენ.

ორგანიზაცია გამოყოფს რეკომენდაციებსაც, სადაც საუბრობს მიზნობრივ სანქციებზე, საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობაზე, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასა და ფინანსურ ზეწოლაზე საერთაშორისო ინსტიტუტების მეშვეობით. 

დასკვნის სახით, ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები წარმოადგენს არა ერთჯერად კრიზისს, არამედ სისტემურ გარდაქმნას და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა მმართველობის ინსტრუმენტად იქცა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის ბედი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება რეალური ზეწოლის განხორციელებას და აღნიშნულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რეპრესიები გაღრმავდება და ავტორიტარული სისტემა გამყარდება. 


close დახურვა