დიდი შვიდეულის ქვეყნები ჰორმუზის სრუტის პატრულირებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ერთი პირობით, მათი თქმით სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაზე მუშაობა საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შემდეგ დაიწყება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს თქმით, საერთაშორისო ესკორტის მისია იმოქმედებს, სიმშვიდის აღდგენის შემდეგ და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მკაცრად თავდაცვითი ხასიათის იქნება.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ჰორმუზის სრუტეში ვითარების მოსაგვარებლად. შეუძლებელია ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც საერთაშორისო წყლები ნავიგაციისთვის დახურულია კონფლიქტების კონტექსტში, რომლებიც არ ეხება იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს მოძრაობა სჭირდებათ. საფრანგეთმა გამოხატა თავისი მზადყოფნა, რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ინიციატივის ფარგლებში, შექმნას საერთაშორისო მისია, რომელიც უზრუნველყოფს ნავიგაციის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში, სიმშვიდის აღდგენის შემდეგ: მკაცრად თავდაცვით პოზიციაში , ან ძირითად დაინტერესებულ ქვეყნებთან შეთანხმებების ფარგლებში" , - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ
დიდი შვიდეულის ქვეყნების შეხვედრის მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იყო.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ომი შესაძლოა რამდენიმე კვირაში დასრულდეს.
"როგორც ომის დეპარტამენტმა არაერთხელ აღნიშნა ჩვენ ამ ოპერაციაში გრაფიკის მიხედვით ვმოქმედებთ, ის დასრულდება შესაბამის დროს, რამდენიმე კვირაში და არა რამდენიმე თვეში. მე ავუხსენი ჩვენს მოკავშირეებს, რომ ამ ყველაფრის დასრულების და ჩვენი მიზნების მიღწევისთანავე, ერთ-ერთი გადაუდებელი გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით, არის ირანი, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სურს ჰორმუზის სრუტეში გადასახადის სისტემის შექმნა. ეს არა მხოლოდ უკანონო, არამედ მიუღებელიცაა. ეს საშიშია მსოფლიოსთვის და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს გეგმა ამის დასაძლევად. შეერთებული შტატები მზად არის იყოს ამ გეგმის ნაწილი. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი, ვუხელმძღვანელოთ ამ გეგმას, მაგრამ სიამოვნებით ვიქნებით მისი ნაწილი", - თქვა მარკო რუბიომ.
