უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვიზიტს აგრძელებს. ზელენსკი დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა, სადაც, ქვეყნის პრეზიდენტს მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანის შეხვდა. ლიდერებმა რეგიონში არსებული ვითარება, ირანის დარტყმები და ჰორმუზის სრუტის ბლოკირება განიხილეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა და არაბთა გაერთიანებული საამიროები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
"ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების მდგომარეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანის სარაკეტო დარტყმები და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, რაც გლობალურ ნავთობის ბაზარზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ყველა ნორმალური სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობის უზრუნველყოფა და ადამიანების სიცოცხლის დაცვა.
უკრაინელებმა შეიმუშავეს თავდაცვითი სისტემა, რომელიც მტრის დრონებისა და რაკეტების განეიტრალებაში მნიშვნელოვანი წარმატების მაჩვენებელს უზრუნველყოფს. სწორედ ამ სისტემურ მიდგომას და ინტეგრირებულ გამოცდილებას ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვდა უკრაინელი სამხედროების გუნდს, რომელბიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში ეხმარებიან. ზელენსკის ცნობით, სპეციალისტები ქვეყანაში უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობენ.
