ვოლოდიმირ ზელენსკი აგრძელებს სტრატეგიულ ტურნეს ახლო აღმოსავლეთში. ის დღეს იორდანიაში ჩავიდა, სადაც იორდანიის მეფეს, აბდულა II-ს შევხდა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა:
"განვიხილეთ პოტენციური პარტნიორობა უსაფრთხოების სექტორში, ასევე ზოგადი ვითარება ახლო აღმოსავლეთსა და ყურის რეგიონში. უკრაინა მზადაა ერთობლივი მუშაობისთვის დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან თავდასაცავად.
საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ერთიანი სისტემის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველი დაცვის უზრუნველყოფა.
ჩვენ გვაქვს ასეთი სისტემა, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელია, იძულებულები ვართ, თავი დავიცვათ რუსული დარტყმებისგან, მათ შორის ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმებისგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვისაც ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ, თავის მხრივ ჩვენი გაძლიერებაც შეძლონ.
მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობას შეხვედრისთვის და დიალოგისთვის მზაობისთვის", - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
იორდანიის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ზელენსკიმ სოციალურ ქსელში იორდანიაში ჩასვლის კადრები გაავრცელა და დაწერა:
"წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის"
უკრაინის პრეზიდენტი რეგიონში უკვე იმყოფებოდა კატარში, საუდის არაბეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
ტურნეს მთავარი თემა ქვეყნებს შორის თავდაცვითი თანამშრომლობაა. ზელენსკიმ კოლეგებთან ირანის სარაკეტო დარტყმები და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების საფრთხეც განიხილა.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ ხელი მოაწერა შეთანხმებებს საუდის არაბეთთან და კატართან დრონების ექსპერტიზისა და ტექნოლოგიების შესახებ.
ზელენსკის თქმით, საუდის არაბეთთან და კატართან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებებში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან სამომავლო შეთანხმებაში საუბარი არ არის უკრაინელი სამხედროების ამ ქვეყნების დაცვაში მონაწილეობაზე.
"რაც შეეხება ჩვენს სამხედროებს, დღეს არ განვიხილავთ, რომ ისინი სხვა ომში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვემი ომი გვყოფნის. რაც შეეხება ჩვენს ექსპერტიზას, როგორაა საჭირო თავის დაცვა, ეს სხვა საკითხია.
ამ 10 წლის განმავლობაში გვექნება ერთობლივი წარმოება, ავაშენებთ ქარხნებს ორივე ქვეყანაში," - თქვა ზელენსკიმ.
მანამდე, ზელენსკიმ საუდის არაბეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინას დიდი გამოცდილება აქვს საჰაერო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, რასაც პარტნიორებს უზიარებს.
"ჩვენი საერთო მიზანი პარტნიორებთან ერთად მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მკაფიო გაგება არსებობს იმისა, თუ როგორ შეიძლება უკრაინის გამოცდილების გამოყენებით საჰაერო სივრცისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა", - თქვა ზელენსკიმ
