logo
ENG



ალი მოჯანი: ვინც არ დაეხმარება აშშ-ისრაელს ირანზე აგრესიაში, მასთან ნორმალური ურთიერთობა გვექნება

03 აპრ 202620:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/03/b3hr42j9i5a1r7f.png

"ფორმულამ" ირანის ელჩთან საქართველოში პირველი ინტერვიუ ჩაწერა.

სეიედ ალი მოჯანი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის მუქარად შეფასება არასწორია.

მისი თქმით,  ისეთი ქვეყნები, რომლებიც შეერთებულ შტატებს და ისრაელს ირანის წინააღმდეგ არ ეხმარებიან, ასეთ ქვეყნებთან ირანი ნორმალურ ურთიერთობას გააგრძელებს.

კითხვას, "პირადი შეფასებით შეერთებული შტატები საქართველოს იყენებს თუ არა ირანის წინააღმდეგ" - ალი მოჯანი ისევ კითხვით პასუხობს - "თქვენ რამენაირად დაეხმარეთ ამერიკას და ისრაელს ირანზე თავდასხმის დროს?" - ამბობს ელჩი.

"როდესაც მტერი თავს ესხმის თქვენს ქვეყანას და ამ დროს, სხვა ქვეყანა თანამშრომლობს ამ მტერთან, უთმობს თავის ტერიტოიულ სივრცეს, ტერიტორიულ წყლებს, ხმელეთს რომ ამ მტერმა თქვენზე განახორციელოს თავდასხმა. როგორი დამოკიდებულება გექნებათ იმ ქვეყნის მიმართ?

როდესაც მტერი გამოიყენებს თავის ბაზებს, რომლებიც მდებარეობს სხვა ქვეყნებში, მესამე ქვეყნებში, მიესალმებით ასეთ ფაქტს?

ქვეყანა, რომელიც არ დაეხმარება ამერიკას და ისრაელს ირანზე თავდასხმაში, ირანზე აგრესიას არ შეუწყობს ხელს, შესაბამისად, ასეთ ქვეყანასთან გვექნება წარსულის მსგავსად, ნორმალური ურთიერთობა", - განაცხადა ირანის ელჩმა საქართველოში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ირანის ელჩმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა:

"დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს.

დღეს ნიშნები აშკარაა: საექსპორტო გზების შეფერხება, კაპიტალის გადინება და საზოგადოების მზარდი შფოთვა გამომფიტავი ომის შედეგების გამო, აგრეთვე ესკალაციის რისკები, მათ შორის ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე — ეს ყველაფერი პატარა ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე დგას.

ახლა, ომის ოცდამეთორმეტე დღეს, თეთრი სახლი იმასაც კი განიხილავს, რომ ამ კონფლიქტის ხარჯების ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს დაეკისროთ.

სწორედ ეს არის ის წერტილი, სადაც მოკლევადიანი გადაწყვეტილებები და მცდარი გათვლები გრძელვადიან გამოწვევებად იქცევა.

ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ.

ეს მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჯო ბაიდენიც პერიოდულად მისდევდა, როცა ხსნიდა ახალ ფრონტებს. დღეს კი თვით ნატოს ზოგიერთი მოკავშირე „ვაშინგტონთან დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას“ ირჩევს.

ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან.

კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს", - დაწერა ირანის ელჩმა.

ცნობისთვის, ირანის ელჩის ეს პოსტი , 30 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. 

 

 

close დახურვა