უფასო სასადილოების მომსახურებისას დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე მოსამართლემ ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მეია მელქაძემ მიიღო.
შპს ალადაშვილის დირექტორს, რეზო ალადაშვილს 100 000-ლარიანი საპატიმრო გირაო, მის კიდევ ერთ თანამშრომელსა და სამი ქვეკონტრაქტორი კომპანიის დირექტორს კი, 50 000-50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდათ.
ბრალდებულებმა გირაოს თანხა 10 დღეში უნდა გადაიხადონ. ისინი გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან. რეზო ალადაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღიარა დანაშაული. მისი თქმით, ის ზიანს 4 თვეში აანაზღაურებს.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოავლინა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს 5 პირი, სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი.
"გამოძიებით დადგინდა რომ 2023-2026 წლებში შპს ალადაშვილი და კომპანიასა და ქალაქ თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა ჯამში 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისათვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით 26 513 573 ლარი.
შპს ალადაშვილი და კომპანიის დირექტორმა 22 სასადილოდან 4 გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს - შპს გიდს, შპს ბადეს და შპს ალიონს. გამოძიებით დგინდება, რომ შპს ალადაშვილი და კომპანიის დირექტორი აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში ყოველდღიურად 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებულ 18 009 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
