logo
ENG



თამთა მიქელაძე: აფგანმა არ იცის რეჟიმი რა ტიპის საქმეს შეუკერავს და როგორ დასჯის

05 აპრ 202621:07
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/05/9hs1qudux2udnrz.jpg

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი, უფლებადამცველი თამთა მიქელაძე აფგან სადიგოვს ესაუბრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

უფლებადამცველის თქმით, სადიგოვი "თავს ფიზიკურად ნორმალურად გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მისი დაკავება აგრესიული და ინტენსიური მანერით მოხდა".

"აფგან სადიგოვმა თბილისში მისი მხარდამჭერების, კოლეგებისა და მეგობრების მიმართ მადლიერება გადმოგვცა მათი სოლიდარობისთვის. ის თავს ფიზიკურად ნორმალურად გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მისი დაკავება აგრესიული და ინტენსიური მანერით მოხდა და პრაქტიკულად სპეცოპერაციას გავდა.

ახლა ის მარტოა და ჩავარდნილი სრულ განუსაზღვრელობაში, ეჭვებსა და ბუნდოვანებაშია და არ იცის, რამდენიმე კვირაში ან თვეში რას გააკეთებს რეჟიმი, რა ტიპის საქმეს შეუკერავს და როგორ დასჯის. აზერბაიჯანის ინტერესი და მიზანი ჟურნალისტთან დაკავშირებით ძალიან მალე გამოჩნდება, როდესაც ის ქვეყნიდან გასვლას და ოჯახთან გაერთიანებას მოინდომებს. ეს პროცესი ჩემთვისაც ტესტი იქნება.

ახლა მთავარია მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოება და გაერთიანება. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ბრძოლა ევროპულ სასამართლოში, დარღვევებისა და უსამართლობის ამ ჯაჭვის სამართლებრივი აღიარებისთვის, და ახალი და მომავალი რისკების მუდმივი შეფასება. რა დაემართა აფგან სადიგოვს ერთი ტრაგედიაა და უსამართლობა, მაგრამ მეორე დიდი საკითხია ჩვენ რა რეალობაში და რა ტიპის რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრების გაგრძელება და როგორი იქნება ჩვენი მომავალი ხვალ.

აფგანმა გაძევების წინ მძიმე სიტყვები დაგვიტოვა: "საქართველოს მომავალი ძალიან ცუდი იქნება." არ უნდა იყოს საქართველოს მომავალი ძალიან ცუდი და გუშინდელმა მოვლენებმა უნდა გამოგვაფხიზლოს", - წერს მიქალაძე სოციალურ ქსელში.

მანამდე, რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა სადიგოვის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და შეძახილით - სოლიდარობა აფგანს! - გაამხნევეს.

 


close დახურვა