logo
ENG



მოსკოვმა კიევთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა, უკრაინა შემხვედრი ნაბიჯისთვის მზადაა

10 აპრ 202610:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/10/dgh8iqanyil7rvx.jpg
ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან „სააღდგომო ზავის“ გამოცხადების შესახებ განაცხადა. პუტინის თქმით, დროებითი ცეცხლის შეწყვეტა 11 აპრილს მოსკოვის დროით 16:00 საათიდან უნდა ამოქმედდეს და 12 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდეს.
 
კრემლის ცნობით, პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ბელუსოვს, მითითება უკვე მისცა, რომ ზავის პერიოდში ყველა მიმართულებით შეჩერდეს საბრძოლო მოქმედებები. კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე.

სააღდგომო ზავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, უკრაინა რუსეთის ქმედებების შესაბამისად იმოქმედებს და მზადაა შემხვედრი ნაბიჯებისთვის.

„უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად ვართ სარკისებური ნაბიჯებისთვის. წელს სააღდგომო დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვედით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ხალხს სჭირდება აღდგომა მუქარის გარეშე და მშვიდობისკენ რეალური პროგრესი, ხოლო რუსეთს აქვს შანსი, რომ აღდგომის შემდეგ თავდასხმებს აღარ დაუბრუნდეს“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე, 30 მარტს, ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზად იყო, აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისა და ე.წ. ენერგეტიკული ზავის შეთანხმებისთვის, რაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებას გულისხმობდა.


close დახურვა