საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის ოფისი აპირებს სამართლებრივად შეისწავლოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების კანონიერება და მისი შესაბამისობა სტრასბურგის ადამიანის უფლებთა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ამის შესახებ იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იოსელიანმა თქმით, საქმის სამართლებრივად შესწავლის შემდე, ის მზად იქნება საზოგადოებას გააცნოს შეფასება სადიგოვის გაძევებაზე.
სახალხო დამცველის განცხადებას სადიგოვის უფლებადამცველი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. უფლებადამცველის თქმით, სახალხო დამცველი პასიურად მუშაობს და არ ახდენს დროულ რეაგირებას.
"უმძიმეს, აშკარა და დემონსტრაციულ კონვენციურ დარღვევაზე სახალხო დამცველს 10 დღის შემდეგაც არ აქვს შეფასება, არც ერთი პოსტი ან განცხადება არ უდევს საკუთარ ვებ-გვერდზე და ახლა ამბობს, რომ მომავალში გვექნებაო. ეს ნორმალურია?
მყისიერი და დროული რეაგირება უფლების დარღვევის ფაქტებზე რა არის საერთოდ ესმით ამ ოფისში ისევ როგორც modus operandi?
ლევან იოსელიანის პასუხი ჩვენს კრიტიკაზე თავის დროზე ის იყო, რომ მას სიფრთხილე სჭირდებოდა, რათა პრაგმატული და საქმიანი კომუნიკაცია ჰქონოდა მთავრობასთან და რეალური შედეგები ჰქონოდა მის მუშაობას.
და სად არის შედეგები? რა შეაკავა სახალხო დამცველმა 3 წლის თავზე? სამოქალაქო საზოგადოება დაანგრია რეჟიმმა, შეკრების თავისუფლება კანონით ჩამოგვერთვა, წამება და ძალადობა სისტემური გახდა შეკრების მონაწილეების მიმართ, პოლიტიკური უფლებების წარმოუდგენელი გაუარესებაა ქვეყანაში და ერთი სპეციალური ანგარიში არ არის ამ საკითხებზე მომზადებული აპარატის მიერ.
ან რომელი ეფექტურად გამოყენებული საერთაშორისო მექანიზმი გახსენდებათ, რომელიც ოფისმა პროაქტიულად და აგრესიულად გამოიყენა მოქალაქეების დასაცავად? (მიწასთან გასწორებული სამოქალაქო საზოგადოება ვცდილობთ ისევ ამ მექანიზმების გამოყენებას)
1 წლის წინ, როცა ელენე ხოშტარიას გაშიშვლების საკითხი დადგა დღის წესრიგში დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების დროს, ომბუდსმენმა ზარზეიმით გვაცნობა, რომ გაშიშვლების პრაქტიკაზე რეკომენდაცია მიიღო მთავრობამ და შეჩერდებოდა. ბოლო ანგარიში კი ისევ იმას წერენ, რომ ეს პრაქტიკა არ გაჩერებულა. ამ პრაქტიკის შემოტრიალებაც კი ვერ შეძლო სახალხო დამცველმა და ამ პრაგმატული, დაბალანსებული და აუღელვებელი სტრატეგიით რას აშენებს ახსნას საჯაროდ.
საზოგადოებას ანგარიში ჩაგვაბაროს, რომ გაჩუმების, მხარდაჭერის არქონის, სახალხო დამცველისთვის უფლებადამცველის რეპუტაციისა და განცდის სრულად წართმევისა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ანგარიშში (კი, ნორმალურია ანგარიშების ტექსტები ნამდვილად) ჩაწერის ფასად რანაირად ღირს ეს სტრატეგია?
ახლა, როცა უფლებადამცველების ქსელი ასეთი დაზიანებული და დასუსტებულია რეჟიმის მიერ, სახალხო დამცველი ამ დაყოვნებით და პასიურობით უნდა მუშაობდეს", - წერს მიქელაძე.
