უნგრეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მისი მთავრობა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ჩატარებას აღარ დააფინანსებს. ბუდაპეშტში ეს ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მას რეგულარულად ესწრება ირაკლი კობახიძე. წინა კონფერენციაზე "ოცნების" პრემიერი სიტყვითაც გამოვიდა.
მადიარი ამტკიცებს, რომ ორბანის მმართველობის პერიოდში პარტიული მიზნებისთვის ბიუჯეტის სახსრების გამოყენება შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს და დღის წესრიგში აყენებს ხალხის ფულის შესაძლო ფლანგვის საქმეების გამოძიებას.
პეტერ მადიარი არ ეწინააღმდეგება კონფერენციის კვლავ ბუდაპეშტში გამართვას, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს აღარ უნდა მოხდეს გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე.
Conservative Political Action Conference (CPAC) ყოველწლიური პოლიტიკური კონფერენციაა, რომელიც პირველად 1974 წელს შეერთებულ შტატებში ადგილობრივი კონსერვატიული კავშირის მიერ ჩატარდა. იმავე სახელწოდებითა და აბრევიატურით კონფერენცია სხვა ქვეყნებშიც ტარდება: არგენტინაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, უნგრეთში, იაპონიაში, მექსიკაში, პოლონეთსა და სამხრეთ კორეაში. უნგრეთი ევროპაში პირველი ქვეყანა იყო, სადაც ვიქტორ ორბანის ინიციატივით, 2022 წელს CPAC-ის კონფერენცია ჩატარდა.
