ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ უნგრეთის პოლიტიკური ცვლილებები მნიშვნელოვანი გაკვეთილია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც ავტორიტარული ტენდენციების შეჩერება დღის წესრიგში დგას.
მისი თქმით, ცვლილებებისთვის აუცილებელია საზოგადოების გაერთიანება და ერთიანი ხედვის შეთავაზება, რათა შესაძლებელი გახდეს არსებული პოლიტიკური ვითარების შეცვლა.
„უნგრეთის ახალი მმართველების და მადიარის მიმართ დიდი მოლოდინები არსებობს, რადგან ორბანის მთავრობა ბოლო დროს ძალიან დესტრუქციული პარტნიორი იყო ევროკავშირის მრავალ საკითხში. თუმცა, უნგრეთის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ როდესაც გსურთ სიტუაციის რადიკალურად შეცვლა და ავტორიტარული ტენდენციის შეჩერება - და ეს საქართველოს შემთხვევაცაა - ბევრი რამ უნდა გაიღო იმისთვის, რომ საზოგადოებას ერთიანი შეთავაზება წარუდგინოთ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ ყველა ხმა გააერთიანოთ. ეს გაკვეთილია მრავალი ავტორიტარული ქვეყნისთვის. ვფიქრობ არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ თურქეთზეც. თქვენ ნამდვილად გჭირდებათ საზოგადოებას შესთავაზოთ ერთიანი, საერთო ხედვა, რათა დაძლიოთ ეს სიტუაცია; ამის შემდეგ პოლიტიკური თამაში კვლავ გაიხსნება და შეძლებთ კონკურენციას ჩვეულებრივ, დემოკრატიულ გარემოში. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია არა მხოლოდ უნგრეთისთვის. ეს კარგია ევროკავშირისთვისაც, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმოქმედო მზარდ ავტორიტარულ ლანდშაფტში და რა გზით შეიძლება ამ ტენდენციასთან გამკლავება. მინდა ძალიან პირდაპირი ვიყო: ზოგჯერ უნგრეთს არგუმენტად იყენებდნენ - როცა უნგრეთი არ იყო მზად რაიმეს გასაკეთებლად, სხვები ამას ამოეფარებოდნენ ხოლმე. ვფიქრობ, ახლა გულწრფელობის კარგი მომენტია. არ ვიცი, რა პოზიცია ექნება უნგრეთის ახალ მთავრობას, მაგრამ აუცილებელია სხვა მთავრობების რეალური პოზიციების გამოაშკარავებაც, რადგან როდესაც მაგიდასთან აღარ გვეყოლება დესტრუქციული მხარე, ყველას მოუწევს საკუთარი პოლიტიკის მიმართ თანმიმდევრული იყოს. ეს კარგი მომენტია უკრაინასთან დაკავშირებითაც, თუმცა, ასევე ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება საქართველოს ახალი პოზიცია“, - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა "ევროსკოპთან" ინტერვიუში.
