logo
ENG



შვიდმა ქალმა ევროკომისარს იზოლატორებში ქალების ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკაზე მიმართა

15 აპრ 202616:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/15/ztf2midc1gslku2.png

პოლიტიკურმა პატიმარმა ელენე ხოშტარიამ და კიდევ ექვსმა დაზარალებულმა ქალმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო'ფლაერტს ოფიციალური წერილით მიმართეს. მიმართვის მთავარი თემა წინასწარი დაკავების იზოლატორებში დამკვიდრებული „ძალადობრივი გაშიშვლების“ ღირსების შემლახავი პრაქტიკაა.

კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, რის გამოც ხელმომწერებმა მას მოუწოდეს, გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამ სისტემური დანაშაულის შესაჩერებლად.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2025 წლის მარტში დიღმის იზოლატორში ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ განხორციელებული ფაქტი არ იყო ერთეული შემთხვევა. მათი განცხადებით, ამ პრაქტიკას სისტემური ხასიათი აქვს და მას ხელისუფლება პროევროპული წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეთა დასაშინებლად იყენებს.

მიმართვაში ნათქვამია:

„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ძალადობრივი გაშიშვლების შემთხვევები არ არის მხოლოდ პროცედურული გადაცდომა - ეს არის ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა და წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული წამების სისტემის ერთ-ერთ საყრდენს“.

ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ფაქტების დოკუმენტირება საკმარისი არ არის. მათი პოზიციით, წამების ნორმალიზების წინააღმდეგ ერთადერთი ეფექტიანი გზა დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემაა.

„საქართველოში ვერ დამყარდება სტაბილურობა სამართლიანობის აღდგენისა და ადამიანის ღირსების უმთავრეს ღირებულებად აღიარების გარეშე“, - ვკითხულობთ მიმართვაში.

დაკავებული მოქალაქეების უკანონო და ძალადობრივი გაშიშვლების ფართო პრაქტიკა საზოგადოებისთვის ცნობილი 2024 წლის 28 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გახდა, როდესაც ასობით დემონსტრანტი დაკავების შემდგომ არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდა.

მიმართვას ხელს აწერენ:

  • თამუნა გიორგაძე
  • ლიკა ბასილაია-შავგულიძე
  • მარიამ მელიქიშვილი
  • ნუცა მახარაძე
  • ნინო ბარძიმაშვილი
  • ნინო დათაშვილი
  • ელენე ხოშტარია

close დახურვა