აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ლიბანსა და ისრაელს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოფიციალურად ძალაში შედის, რაც საფუძველს ჩაუყრის მასშტაბურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს თეთრ სახლში.
პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ მან „შესანიშნავი საუბარი“ გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნითან.
„ამ ორმა ლიდერმა თანხმობა განაცხადა, რომ თავიანთ ქვეყნებს შორის მშვიდობის მისაღწევად, ისინი ოფიციალურად დაიწყებენ 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტას [აშშ-ის აღმოსავლეთის დროით] საღამოს 5 საათზე“, - განაცხადა ტრამპმა.
ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად, ტრამპმა ორივე ქვეყნის ლიდერი ვაშინგტონში მიიწვია. პრეზიდენტის თქმით, ეს იქნება პირველი რეალური შანსი ისრაელსა და ლიბანს შორის მშვიდობის დასამყარებლად 1983 წლის შემდეგ.
„მე მივიწვევ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბიბი ნეთანიაჰუს და ლიბანის პრეზიდენტს თეთრ სახლში პირველი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის 1983 წლის შემდეგ - რაც ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ორივე მხარეს სურს მშვიდობის ხილვა და მჯერა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესის კოორდინაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გაუძღვებიან. მისივე თქმით, ეს იქნება მისი მე-10 წარმატებული მცდელობა მსოფლიოში კონფლიქტების მოსაგვარებლად.
„ჩემთვის პატივია, რომ მოვაგვარე 9 ომი მსოფლიოს მასშტაბით და ეს იქნება ჩემი მეათე, ასე რომ, მოდით, დავასრულოთ ეს საქმე!“ - დასძინა დონალდ ტრამპმა.
როგორც პრეზიდენტის განცხადებიდან ირკვევა, ქვეყნების წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ვაშინგტონში, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მონაწილეობით, რაც ბოლო 34 წლის განმავლობაში პირველი მსგავსი ფორმატის შეხვედრა იყო.
