დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ლიდერები დისტანციურ შეხვედრას გამართავენ, სადაც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
კირ სტარმერი ონლაინ სამიტისთვის დღეს პარიზში ჩავა.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსოფლიო ლიდერები სრუტის ხელახლა გასახსნელად საერთაშორისო მისიას შექმნიან.
ამასთან, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, პარიზში სამიტზე დასასწრებად გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც გაემგზავრება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში 40-მდე ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ისინი განიხილავენ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის „მყიფე შეთანხმების“ მხარდაჭერას და სრუტეში საზღვაო მარშრუტების ხელახლა გახსნისა და უსაფრთხოების საკითხებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ლიდერები ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობის მხარდაჭერაზე.
