logo
ENG



ჩინეთმა და რუსეთმა ჰორმუზის სრუტის გახსნის რეზოლუციას ვეტო დაადეს

07 აპრ 202622:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/07/27tiq9qq70tfmu3.png

გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენასა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად - ინიციატივას ვეტო დაადეს ჩინეთმა და რუსეთმა.

ბაჰრეინის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ქვეყნებს მოუწოდებდა, კოორდინირებულად მიეღოთ თავდაცვითი ზომები, მათ შორის კომერციული გემების დაცვით გადაადგილება, რათა სრუტეში უსაფრთხო ნავიგაცია უზრუნველყოფილიყო. რეზოლუციის საბოლოო ვერსია შერბილებული იყო და აღარ მოიცავდა ძალის გამოყენების პირდაპირ ნებართვას, რაც თავდაპირველ პროექტში განიხილებოდა.

კენჭისყრის შედეგად, 11 ქვეყანამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა, ხოლო ორი - ჩინეთი და რუსეთი - წინააღმდეგ წავიდა, რის შედეგადაც დოკუმენტი ვერ დამტკიცდა.

აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში მაიკლ უოლცმა პეკინი და მოსკოვი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ „რეჟიმს, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ზეწოლას ცდილობს“.

თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ აღნიშნა, რომ რეზოლუცია საერთაშორისო სამართლისთვის „საშიშ პრეცედენტს“ შექმნიდა და სამშვიდობო პროცესს დააზიანებდა.

ისრაელის წარმომადგენლის გაეროში დენი დანონის განცხადებით კი, მიუხედავად რეზოლუციის ჩავარდნისა, მის მხარდაჭერას „მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის მზადყოფნა ასახავს, დაიცვან ნავიგაციის თავისუფლება და აღუდგნენ საერთაშორისო სავაჭრო გზების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებს“.


close დახურვა