logo
ENG



სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაბლოკავს, თუ "დრუჟბით"ნავთობის მიწოდება არ აღუდგება

17 აპრ 202610:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/17/tyxihl8hyxc8d9m.jpg

სლოვაკეთი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარდაჭერას კვლავ არ უცხადებს და გადაწყვეტილებას კონკრეტულ პირობაზე ამყარებს - ვიდრე „დრუჟბის“ მილსადენით უკრაინის გავლით რუსული ნავთობის მიწოდება არ აღდგება, სლოვაკეთი ისევ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს.

ამ საკითხზე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა, 16 აპრილს პარლამენტში გამოსვლისას ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ენერგომომარაგების შეფერხება ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას ქმნის. ბლანარის თქმით, თუ სანქციების პაკეტი დღის წესრიგში დაბრუნდება, ხოლო მილსადენი კვლავ გაუმართავი იქნება, სლოვაკეთი პოზიციას არ შეცვლის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ისიც, სლოვაკეთი წინააღმდეგობას არ გაუწევს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გაცემას. ეს კრედიტი თებერვალში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.

ევროკავშირი სანქციების ახალი პაკეტის მიღებას 2026 წლის თებერვალში გეგმავდა, თუმცა სანქციები ვერ ამოქმედდა, ამას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. სლოვაკეთთან ერთად  წინააღმდეგობა გასწია უნგრეთმაც.

ევროკავშირში კონსენსუსის მიღწევა კვლავ პრობლემად რჩება. სანქციების მე-20 პაკეტის მიღების პერსპექტივა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, მოხერხდება თუ არა ენერგეტიკულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა.

უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ მილსადენის მონაკვეთზე ნავთობის ტრანზიტი იანვრის ბოლოდან რუსეთის სამხედრო ძალების დარტყმის შედეგად შეწყდა. უნგრეთის არჩევნებში დამარცხებული ვიქტორ ორბანი და სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო კიევს ტრანზიტის განახლების პოლიტიკურ მიზნებით ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.


close დახურვა