"ოცნება" ამერიკასთან ურთიერთობის ადღგენას უახლოეს მომავალში აანონსებს, ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსაც, ელაპარაკა. თუმცა ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია.
ამერიკის საგარეო უწყება "ფორმულასთან" აცხადებს, რომ ვაშინგტონი "ოცნების" მთავრობისგან კონკრეტულ, ქმედით ნაბიჯებს ელოდება. “ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად!” - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიღებულ პასუხში.
"ფორმულამ" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის, განცხადების შესახებ ჰკითხა - რომ თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტთან „საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია“ მიმდინარეობს. ბოჭორიშვილმა მოლოდინიც გამოხატა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის თაობაზე ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გააქტიურებისთვის. დავინტერესდით, მიიჩნევს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებას მიმდინარე დიპლომატიური დინამიკის სწორ ასახვად და იგეგმება თუ არა პოლიტიკური ცვლილებები საქართველოს მთავრობასთან მიმართებით.
სახელმწიფო დეპარტამენტიდან გვიპასუხეს: „ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის.
სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.
ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად" - მოგვწერეს სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
ასეთია ბოლო თვეებში ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკაა "ოცნების" მიმართ და ის არ შეცვლილა არც თბილისში ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტების მიუხედავად.
