ერევანში მიმდინარე რეგიონულ კონფერენციაზე – “Tvapatum Aftershock 2026” – ქართველმა ჟურნალისტმა გურამ როგავამ კოლეგებს სოლიდარობისა და ურთიერთმხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მისი განცხადებით, ჟურნალისტებს რეგიონში ერთმანეთის დახმარება განსაკუთრებით სჭირდებათ, რადგან არსებული გამოწვევები მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ეხება და საზღვრებს სცდება.
როგავამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ქართველი ჟურნალისტები დღეს მძიმე პირობებში მუშაობენ – ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად, რესურსებისა და ანაზღაურების გარეშე, თუმცა პროფესიის მისიის ერთგულებას მაინც ინარჩუნებენ.
„სოლიდარობა მნიშვნელოვანია. ჟურნალისტებს მარტო გადარჩენა არ შეგვიძლია, ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება საზღვრებს მიღმაც.
მე მტკიცედ მწამს, ჩვენს რეგიონში ჟურნალისტებს ერთმანეთი სჭირდებათ. ჩვენ უნდა გავაზიაროთ გამოცდილება. ჩვენ ერთმანეთისგან უნდა ვისწავლოთ და ერთად უნდა დავდგეთ, როდესაც რომელიმე ჩვენგანი ზეწოლის ქვეშაა.
ქართველი ჟურნალისტების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები მხოლოდ საქართველოს საზღვრებზე არ გაჩერდება.
24 წლის წინ ჟურნალისტიკა ავირჩიე, რადგან მჯეროდა ძალიან მარტივი რამის, რომ ჩემი საქმე იყო დაკვირვება, რეპორტაჟის მომზადება, სხვა ადამიანების ისტორიების მოყოლა, მაგრამ დღეს მე თავად გავხდი სასტიკის ამბის ნაწილი და ახლა გიყვებით ჩემზე და ჩემ კოლეგებზე, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უკიდურესად სახიფათო გარემოში, უხელფასოდ და ურესურსოდ აგრძელებენ მუშაობას, რადგან სჯერათ ჟურნალისტიკის მისიის და ძალის", - განაცხადა გურამ როგავამ სიტყვით გამოსვლისას.
