logo
ENG



მამა გიორგი: უნდა შეიწყალოს დეკანოზი პრეზიდენტმა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამაზე საუბარი

28 ოქტ 201920:15
3 წუთის საკითხავი
 
iyk9kwxk9q16itn.png

ეკლესიაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს სასულიერო პირების ერთი ნაწილი დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალებაში ხედავს. ამისთვის საპატრიარქომ დეკანოზს უნდა უშუამდგომლოს პრეზიდენტთან. სასულიერო პირების ნაწილი და კონკრეტულად, მამა გიორგი თევდორაშვილი, რომელიც საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსია ამბობს, რომ მამალაძის შეწყალებით სიტუაცია, შესაძლოა, განიმუხტოს. თუმცა, თავად მამალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ დეკანოზის შეწყალებას ბლოკავს საპატრიარქო. ვინაიდან შეთავაზებაზე, რომლის მიხედვითაც ე.წ. ციანიდის საქმეში შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი უნდა გამოსულიყვნენ უდანაშაულოები, დეკანოზმა უარი თქვა. 

„უნდა შეიწყალოს დეკანოზი პრეზიდენტმა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამაზე საუბარი. შეწყალება ნამდვილად განმუხტავს სიტუაციას,“ - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში თევდორაშვილი.

მამალაძის ადვოკატი გიორგი რამიშვილის განცხადებით საპატრიარქოდან იყო მოთხოვნა, რომ დეკანოზის შეწყალების საკითხი არ ყოფილიყო დღის წესრიგში. 

„საპატრიარქოდან იყო მოთხოვნა, რომ დეკანოზის შეწყალების საკითხი არ ყოფილიყო დღის წესრიგში. ეს ჩანს იქიდან, რომ პრეზიდენტმა გაუგებარი მიზეზით უარი თქვა დეკანოზის შეწყალებაზე. იმ შემთხვევაში მიმართავდა საპატრიარქო პრეზიდენტს თუ დეკანოზი აღიარებდა დანაშაულს და შორენას და იაკობს და სხვა პირებს შემხებლობა არ ქონიათ ამ საქმესთან, რაზეც დეკანოზმა უარი თქვა,“ - აცხადებს რამიშვილი. 

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს თბილისის აეროპორტში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო მისი ოჯახი პარლამენტის წინ რამოდენიმე თვე შიმშილობდა, მაგრამ უშედეგოდ.

 


close დახურვა