logo
ENG



საზოგადოება დიუშენის დაავადების მქონე 100-მდე ბავშვის გადასარჩენად ერთიანდება

18 აპრ 202612:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/18/u5ib3dq8qyky9ay.png

"მიეცით ბავშვებს წამალი!" - ამ მოთხოვნით, თბილისში დღეს მარში გაიმართება. საზოგადოება დიუშენის დაავადების მქონე 100-მდე ბავშვის გადასარჩენად ერთიანდება და სწორედ ამ თემას მიეძღვნება ტრადიციული შაბათის მარში თბილისში. 

მარშის მონაწილეები 19 საათზე, ფილარმონიასთან შეიკრიბებიან.

დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები "ქართული ოცნებას" მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ: დაუყოვნებლივ დაფინანსდეს მკურნალობა და ქვეყანაში შემოვიდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები.  

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი მშობლები 15 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში არ შეუშვეს. წინ პოლიციელები გადაეღობნენ. მათ შენობაში შესვლის ნება მხოლოდ 3 მშობელს დართეს, განცხადების დასაწერად და ამბის გასარკვევად. მაგრამ მშობლებს სურდათ არა მორიგი განცხადების დაწერა, არამედ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და მისგან კონკრეტული პასუხის მოსმენა, როდის შემოიტანს სახელმწიფო მათი შვილების სიცოცხლისთვის აუცილებელ წამალს.

უკვე წელზე მეტია, რაც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო მედიკამენტების შემოტანასა და კვლევებისთვის დაფინანსების გამოყოფას ითხოვენ. საქართველოში დიუშენის კუნთოვანი ატროფიის მქონე მხოლოდ 100-მდე ბავშვია.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მძიმე გენეტიკური კუნთოვანი დაავადებაა ბავშვებში. ახალი თაობის მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც მშობლები ითხოვენ, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებში ჯანმრთელობის თანმხლები გართულებების, მათ შორის, ეტლში ჩაჯდომის გადავადებაც შეუძლია.


close დახურვა