logo
ENG



თავდაცვა: დავაკავეთ პირი, სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში 30-ზე მეტ პირს დაეხმარა

21 აპრ 202616:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/21/x0ztrnomyhvtino.png

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.შ.-მ დახმარება გაუწია 30-ზე მეტ პირს და თაღლითურად დაეუფლა ჯამში 100 000 ლარზე მეტ თანხას. მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა 6168,50 ლარი, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 105 000 აშშ დოლარი, 50 000 ლარი და ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანა დაფასოებული სახით.

დაკავებულ პირთან და მის თანამზრახველებთან, კანონით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც შესაძლებელია გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ იქნება უკომპრომისო და იმოქმედებს კანონის სრული სიმკაცრით", - განაცხადა ბრიფინგზე არჩილ ნიკოლეიშვილმა.


close დახურვა